1 ადამიანი დაიღუპა და 3 დაშავდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში დღეს დილით მომხდარი აფეთქების შედეგად.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახური შსს-ზე დაყრდნობით წერს, რომ აფეთქება მოხდა ქიმიის ფაკულტეტის ქვედა სართულზე მდებარე ოთახში, რომელსაც სატუმბი სადგურის დანიშნულება ჰქონდა. ადგილზე დაიღუპა ფაკულტეტის თანამშრომელი. აფეთქებით გამოწვეული ხანძრის კვამლით დაშავდა 3 პირი, მათ შორის შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციელი.
სომხეთის შსს-ს ინფორმაციით, ხანძარი დროულად ჩააქრეს და მეზობლად მდებარე ოთახს, სადაც ქიმიური ნივთიერებები ინახება, არანაირი საფრთხე არ შეჰქმნია. აფეთქების გამომწვევი მიზეზის დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.