სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელი სარაკეტო შეტევის შედეგად. საოლქო ადმინისტრაციების ინფორმაციით, ორი ადამიანი დაიღუპა ხარკოვში, ერთი კიევში და ერთი – დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ პავლოგრადში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს წინასწარი მონაცემებით, დედაქალაქში დაშავდა სულ მცირე 9 ადამიანი, მათ შორის ბავშვი. კლიჩკოს ცნობითვე, კიევის სოლომენსკის და სვიატოშინსკის რაიონებში დაზიანებულია სახლები და საბავშვო ბაღის შენობა. დამწვარია ავტომობილები. ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მობინადრეთა ევაკუაცია გახდა საჭირო, შენობაში რაკეტის აუფეთქებელი ნაწილის აღმოჩენის გამო.
ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 11 ადამიანი. დაზიანებულია კერძო სახლები, სკოლის შენობა და გაზსადენი. ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერხოვის ინფორმაციით, მთლიანად დაინგრა მრავალბინიანი სახლის ერთი სადარბაზო. ადგილზე მაშველები მუშაობენ.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო, უკრაინაში საჰაერო განგაში ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე დაიწყო სუმის ოლქიდან და მალევე გავრცელდა სხვა ოლქებსა და დედაქალაქ კიევზე. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის კალუგის და მურმანსკის ოლქებიდან აფრინდნენ რუსული არმიის თვითმფრინავები Ту-95МС და Ту-22М3.
სარაკეტო შეტევის გამო ამოქმედებული იყო უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა. მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებდნენ.