მსოფლიო ჩემპიონატის 5 ოქრო და 4 ვერცხლის მედალი – ქართველი სპორტსმენების ისტორიული ტრიუმფი პოლონეთში

„გონება და სხეული, როგორც ერთი…“ – ასეთ ფილოსოფიას ემყარება იაპონური გოჯუ-რიუ კარატე, საბრძოლო სახეობა საქართველოში დღითიდღე აქტუალური ხდება. 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შედეგები კი, სპორტის მიმართ ინტერესს კიდევ მეტად ზრდის. რამდენიმე დღის წინ, ქართული დელეგაცია სამშობლოში ისტორიული ტრიუმფით – 5 ოქრო და 4 ვერცხლის მედლით დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ 11-12 მაისს, პოლონეთში, ქალაქ შჩეჩინში ჩატარდა გოჯუ-რიუ კარატეს მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 18 ქვეყანა და 420 სპორტსმენი მონაწილეობდა. ჩემპიონატზე საქართველოდან 9 სპორტსმენმა იასპარეზა. ქვეყნის შედეგებით, საქართველო საერთო მესამე ადგილზე გავიდა.
სპორტის ამ უნიკალურ სახეობაზე, განვლილ ტურნირებსა და ზოგადად ფედერაციის სამომვალო გეგმებზე გვესაუბრება საქართველოს ოკინავური გოჯუ რიუ კარატე დოს ფედერაციის ადმინისტრაციული დირექტორი, ნატალი ბიძინაშვილი. მნიშვნელოვანია, რომ იგი აღნიშნულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ოკინავური გოჯუ-რიუ კარატე დოს ფედერაციის სხვა წარმომადგენელთნ ერთად მსაჯობდა.
რა სახის სპორტია იაპონური გოჯუ-რიუ კარატე და კლასიკური გაგებით კარატისგან რა განასხვავებს ?
გოჯუ-რიუ ტრადიციული კარატის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთ კუნძულ ოკინავადან მომდინარეობს. სიტყვა „გო“ ნიშნავს მაგარს, „ჯუ“ რბილს. გოჯუ-რიუ სწორად მაგარისა და რბილის სინთეზს მოისაზრებს. კარატეს ეს სახეობა გამოირჩევა ძლიერი დარტყმებით, ბლოკებით, სუნთქვის ტექნიკებით, ახლო მანძილზე ბრძოლის მანევრებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს ჭიდაობის ელემენტებს. გოჯუ-რიუს, როგორც საბრძოლო ხელოვნების მთავარი მიზანი და პრინციპია განგვივითაროს ფიზიკური და შინაგანი პოტენციალი და მოვიდეთ ჰარმონიაში როგორც საკუთარ თავთან, აგრეთვე გარემოსა და სამყაროსთან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ხდის ამ სტილს უნიკალურს.
აღნიშნული სპორტი იაპონურ ტრადიციებზეა დაფუძნებული. არსებობს თუ არა რაიმე რიტუალები, მაგალითად, ტრადიციული მისალმება ან მარცხის დროს მოწინააღმდეგის პატივისცემა და ა.შ ?
როგორც აღვნიშნეთ, კარატეს დაბადების ადგილი კუნძული ოკინავაა, რომელიც იაპონიის უკიდურეს სამხრეთით მდებარეობს. იაპონური კულტურა, მოგეხსენებათ, ძალიან სიღრმისეულია, რომლის დიდი ნაწილი დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემაზე. კარატეშიც, დოჯოში შემოსვლა იქნება, მისალმება, თუ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა, ყოველთვის ვიწყებთ პატივისცემით, რასაც „რეი“-თ გამოვხატავთ. რეი არის ქედის მოხრა, რომელიც პატივისცემის, მისალმების, მადლიერების საერთო ჟესტია. ბრძოლის დასრულებისასაც, მნიშვნელობა არ აქვს გაიმარჯვე, თუ დამარცხდი – რეით გამოვხატავთ მადლიერებას ერთმანეთის გაძლიერებისთვის.
რა ფილოსოფიას ემყარება გოჯუ-რიუ კარატე და რამდენად ბმაშია იგი მენტალობასთან ?
„გონება და სხეული, როგორც ერთი“ – ბუშიდოს ერთ-ერთი მთავარი პრინციპია. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც სხეულს სჭირდება ვარჯიში, განვითარება და გამოთლა, ასევე სჭირდება გონებასაც. მოვიშველიებ, მე-17 საუკუნის ფილოსოფოსისა და რონინ-სამურაის, მიამოტო მუსაშის სიტყვებს. მას მიაჩნდა, რომ ჭეშმარიტი ოსტატობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც სხეული, გონება და ცნობიერება ერთმანეთთან ჰარმონიულადაა შერწყმული. ამის მიღწევა კი ვარჯიშით, ცხოვრების დისციპლინით, გონებისა და სხეულის გამოძერწვით არის შესაძლებელი.
ipress.ge