მსოფლიო ჩემპიონატზე “უმცროსი ბორჯღალოსნების” მეტოქეები ცნობილია

“უმცროსი ბორჯღალოსნები” 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატში “ბ” ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებს.
ტურნირს, 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით, სამხრეთი აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს.
20-წლამდელთა ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა და იქ საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა – მე-8 ადგილი. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალი ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემპიონ საფრანგეთთან დამარცხდა. ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ გასავარდნი შეხვედრა მოიგო და მე-11 პოზიციას დასჯერდა.
2024 წლის ჩემპიონატში “ა” ჯგუფში საფრანგეთი, უელსი,
ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო “გ” ჯგუფში სამხრეთი აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.
ბოლო ადგილზე გასული 2025 წელს ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი 2024 წლის ალაფის გამარჯვებული დაიკავებს, რომელსაც წელს, 2-17 ივლისს, შოტლანდია უმასპინძლებს. ნახევარფინალები 14, ხოლო ფინალები 19 ივლისსაა ჩანიშნული.
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველომ 2015 წელს ალაფა მოიგო და 2016 წელს გახდა პირველი გუნდი, რომელმაც 12-გუნდა ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ – მე-9-ზე, შარშან კი – მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა.
განვლილ პერიოდში 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან ეროვნულ გუნდში 1550-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა და მათგან 32 მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.
Rugby.ge