დავოსის ეკონომიკური ფორუმი დასასრულს უახლოვდება, სადაც პრემიერი ღარიბაშვილი მხოლოდ ერთადერთ ფორუმზე იყო წარდგენილი.
ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც განხილვის მთავარი საკითხი უკრაინაში მიმდინარეო ომი იყო, ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ჰაერში ტყვიის შემცველობაზე, როგორც გლობალურ პრობლემაზე ისაუბრა. ღარიბაშვილი აღნიშნულ პანელზე ტანზანიის ინვესტიციების მინისტრთან და USAID-ის ხელმძღვანელთან ერთად იყო წარმოდგენილი.
“ტყვიით მოწამვლა ნამდვილად არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების ყველაზე აქტუალური გამოწვევა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცილდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გასაუმჯობესებლად უწყვეტ რეჟიმში დავიწყეთ სინჯების აღება და ანალიზების ჩატარება მძიმე მეტალებზე, რათა ტყვიის შემცველობა გამოვავლინოთ ქვეყნის მსხვილ ქალაქებში. არსებული შედეგებით დგინდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ვერ იქნება მიჩნეული ტყვიასთან შეხების წერტილად და მოწამვლის წყაროდ”, – თქვა ღარიბაშვილმა პანელურ დისკუსიაზე.
დღეს ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთ პანელურ დისკუსიაში სახელწოდებით, “ევრაზიის ახალი განთიადი” – მიიღებს მონაწილეობას. საუბარი იქნება შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
ღარიბაშვილი საერთაშორისო დონორ ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა, თუმცა იგი არ გამოჩენილა სხვა ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც მრავლად არიან ფორუმზე წარმოდგენილი. დავოსში იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, აშშ-ის გენერალური მდივანი, ენტონი ბლინკენი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები.
ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ეს “ოცნების” მიზანმიმართული პოლიტიკაა, რომლის მიხედვითაც საქართველო საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგიდან საერთოდ უნდა გაქრეს.