გლობალური დემოგრაფიული მონაცემები იცვლება, გრძელვადიანი პროგნოზები კი წარმოდგენას ქმნის იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება შეიცვალოს ადამიანების ეროვნული და რეგიონული ბალანსი მსოფლიოს გარშემო.
2050 წლამდე პლანეტის მოსახლეობა შესაძლოა გაორმაგდეს, ან პირიქით – ზრდის ტემპი შენელდეს და მოსახლეობა იმაზე მალე შემცირდეს, ვიდრე აქამდე იყო ნავარაუდები. ბოლო ანალიზით, გაეროს მონაცემთა ბაზების კვლევა აჩვენებს, რომ გლობალური პოპულაციის ზრდის ტემპმა პიკს, შესაძლოა, 2025 წელს მიაღწიოს, შემდეგ კი – შენელდეს.
წლების განმავლობაში, დემოგრაფები მოსახლეობის ზრდის ტემპის პროგნოზისთვის “პრინციპული კომპონენტების” მეთოდს იყენებდნენ, გლობალური შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლებს მოსახლეობის უახლეს მაჩვენებლებთან აკავშირებდნენ და პროგნოზს ადგენდნენ.
ამ მეთოდით, გაერო სამ სცენარს ამუშავებს: “მაღალი ვარიანტი” – რომლის თანახმადაც 2150 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობა 28 მილიარდს მიაღწევს; “საშუალო ვარიანტი”, რომლითაც 2075 წლისთვის პოპულაცია 11.5 მილიარდი იქნება; და “დაბალი ვარიანტი”, როცა ზრდა 2050 წელს პიკს მიაღწევს და შემდეგ ეტაპობრივად შემცირდება.
ყველაზე მეტად სავარაუდო სცენარად, როგორც წესი, “საშუალო ვარიანტს” მიიჩნევენ.
Our World in Data “საშუალო ვარიანტის” 2024 წლის პროგნოზზე დაყრდნობით აჩვენებს, როგორ შეიცვლება ჩინეთის, ინდოეთის, აშშ-ისა და ევროპის მოსახლეობა 21-ე საუკუნის ბოლომდე. ეს ოთხი რეგიონი ერთად მსოფლიოს ამჟამინდელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენენ და მათი სამომავლო დემოგრაფიული პროგნოზი განსაკუთრებით გავლენიანი შეიძლება იყოს.
პროგნოზი შობადობის მაჩვენებლებზე, სიცოცხლის ხანგრძლივობასა და მიგრაციის ტენდენციებზეა დაფუძნებული. ყველაზე მკვეთრი კონტრასტი ინდოეთსა და ჩინეთს შორის შეინიშნება.
ინდოეთის მოსახლეობა, სავარაუდოდ, დაახლოებით 2060 წლამდე გაიზრდება, პიკს, 1.7 მილიარდ ადამიანს მიაღწევს, სანამ, საუკუნის ბოლოსთვის, 1.5 მილიარდამდე შემცირდება. ჩინეთი კი, პირიქით, უკვე იწყებს შემცირებას. მოსალოდნელია, რომ მისი მოსახლეობა ამჟამინდელი მაქსიმუმიდან, 1.4 მილიარდიდან, 2100 წლისთვის მხოლოდ 600 მილიონამდე შემცირდება. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში კი დემოგრაფიული ტენდენციები უფრო სტაბილურია.
გაეროს პროგნოზები „საშუალო“ სცენარს ეფუძნება. სხვადასხვა მოდელს კი შეუძლია, განსხვავებული შედეგები იწინასწარმეტყველოს. მაგალითად, ზოგიერთი დემოგრაფიული პროგნოზი შესაძლოა, სუბსაჰარულ აფრიკაში შობადობის უფრო სწრაფ შემცირებას ან დასავლეთის ქვეყნებში მიგრაციის ზრდას პროგნოზირებდეს. მიუხედავად ამისა, ეს პროგნოზები ფართოდ გამოიყენება, როგორც საბაზისო საფუძველი დაგეგმვისა და საერთაშორისო შედარებებისთვის.
არსებობს კვადრატული რეგრესიის მიდგომაც, რომელიც აქამდე არსებულ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აანალიზებს სრულად და მხოლოდ ერთწლიან ნიშნულს არ ეყრდნობა.
კომპლექსურ გამოთვლებზე დაყრდნობით, ანალიტიკოსებმა “გაეროს დემოგრაფიის ყველაზე სანდო წიგნი” შეადგინეს, 1950-1990 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, საიდანაც მოსახლეობის ზრდის რამდენიმე მოდელი განიხილეს: წრფივი, ექსპონენციალური, ლოგისტიკური და კონვექსური, იგივე ამოზნექილი (ექსპონენციური ზრდა კლებადი ტემპით). კონვექსური ზრდის მოდელით, რომლის სიზუსტის კოეფიციენტიც 0.99996 იყო, გლობალური მოსახლეობის ზრდა პიკს, 7.07 მილიარდით, დაახლოებით 2025 წელს მიაღწევს, შემდეგ კი ნელ შემცირებას დაიწყებს:
· 2000: 6.09 მლრდ
· 2025: 7.07 მლრდ
· 2030: 7.01 მლრდ
· 2035: 6.86 მლრდ
· 2040: 6.64 მლრდ
· 2045: 6.34 მლრდ
წყარო: bm.ge
