რამდენიმე მსოფლიო გამოცემამ: „ნიუ-იორკერმა“, „შპიგელმა“, „ელ პაისმა“ და „ტაიმსმა“ გამოაქვეყნეს ნაწყვეტები ალექსეი ნავალნის პირადი დღიურებიდან. მემუარები სათაურით “პატრიოტი”, გამოქვეყნებისთვის მზადდება. წიგნი 22 ოქტომბერს 26 ენაზე გამოვა და გაყიდვაში იქნება 36 ქვეყანაში. ინგლისური ვერსიის საწყისი ტირაჟი 500 ათასი ეგზემპლარია.
თავის დღიურებში ნავალნი წერს ციხეში ცხოვრების სირთულეებსა და ოპოზიციური პოლიტიკის გაგრძელებაზე. მისი ქვრივი იულიას თქმით, პოლიტიკოსმა წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2020 წელს მოწამლეს. მემუარების ნაწილი რუსეთში დაბრუნების შემდეგ დაიწერა, როდესაც ის ციხეში იყო.
ასე მაგალითად, 2022 წლის 17 იანვარს, შერემეტიევოს აეროპორტში დაკავების წლისთავზე, პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ მან „თავის ქვეყნის მიწაზე ერთი ნაბიჯიც ვერ დადგა, როგორც თავისუფალმა ადამიანმა.”
2021 წელს, პოკროვსკის კოლონიაში ( IK-2) ნავალნი წერს, რომ თუ იგი მოკლეს, წიგნის საფასური მის ოჯახს დაეხმარება.
2022 წლის 22 მარტს, როდესაც პოლიტიკოსს თაღლითობისა და სასამართლოს შეურაცხყოფის საქმეზე ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მან დაწერა, რომ მის გაგიჟებას იწვევს აზრი იმის შესახებ, რომ ის შეიძლება პატიმრობაში მოკვდეს და მისი ცხედარი უცნობ ადგილას დაკრძალონ.
· ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა იამალო-ნენეცის ავტონომიური ოკრუგის სოფელ ხარპში მდებარე კოლონიაში. ოფიციალური ვერსიით, პოლიტიკოსის გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზით მოხდა.
· ნავალნის ქვრივს, იულია ნავალნაიას ნათქვამი აქვს, რომ მისი ქმარი “სიცოცხლის ბოლო წუთებში უჩიოდა მწვავე ტკივილს მუცლის არეში”, ხოლო ნავალნის მოკავშირეები თვლიან, რომ ის ციხეში მოკლეს, სავარაუდოდ, კრემლის მითითებით, რასაც კრემლი უარყოფს.
წყარო: რადიო თავისუფლება