მსოფლიო ბანკის საბჭომ თურქეთს შუა დერეფანში შემავალ და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზასთან დაკავშირებულ დივრიგი-ყარსის მონაკვეთის განვითარებისთვის 660 მლნ დოლარი გამოყო. თანხა დივრიგი-ყარსის მონაკვეთის სარკინიგზო კომუნიკაციების გაუმჯობესებაზე დაიხარჯება.
მსოფლიო ბანკის განცხადებას აზერებაიჯანული სააგენტო Report.az ციტირებს. როგორც დოკუმენტშია განმარტებული, დაფინანსება ელექტრო-სარკინიგზო ტრანსპორტის განვითარებისთვის გაიცემა.
პროექტი თურქეთის ოთხ პროვინციას, სივასს, ერზინჯანს, ერზურუმსა და ყარსს ერთმანეთთან დააკავშირებს და მარშრუტის გასწვრივ, დაახლოებით, 600,000 მოსახლეს სარგებელს მოუტანს. გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მხარდაჭერაც.
დიზელის მატარებლები ელექტრომატარებლებით ჩანაცვლდება, სრულად ელექტრიფიცირებული და მოდერნიზებული გახდება საქართველოს საზღვარზე მდებარე ყარსსა და სივასის პროვინციის ქალაქ დივრიგს შორის 660-კილომეტრიანი სარკინიგზო მონაკვეთი.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, პროექტის დასრულების შემდეგ შუა დერეფანში არსებული მთავარი შეფერხება აღმოიფხვრება და სარკინიგზო ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 750 ათასი ტონიდან, დაახლოებით, 20 მლნ ტონამდე გაიზრდება.
ბანკის გამოთვლით, პროექტი 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიებს წელიწადში 72,332 ტონით შეამცირებს, ხოლო 2060 წლისთვის ეს მაჩვენებელი 245,835 ტონამდე გაიზრდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 800 მლნ დოლარია.
