დღეს, მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, წელს რეგიონში ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას, – ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2024 წელს სავარაუდოდ 2.8 პროცენტამდე დაიკლებს, 2023 წელს არსებულ 3.3 პროცენტთან შედარებით, როდესაც რუსეთის, ისევე როგორც ომით დაზარალებული უკრაინის ეკონომიკაში ზრდის ტენდენცია აღინიშნა.
ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად.
„ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია.
ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს.
პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად – საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსოფლიო ბანკის ცნობით, ანგარიშის სპეციალური თავი ეთმობა კერძო სექტორის პოტენციალის გამოყენებას. ის მიუთითებს, რომ რეგიონის ეკონომიკური განვითარება დაიწყო გეგმური ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლით და კერძო ინიციატივის გაჩენით, რომელიც ზრდის და კეთილდღეობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
„საქართველომ წარმატებით განახორციელა ბაზრის გარდაქმნის პირველი თაობის რეფორმები; ევროკავშირის წევრობისკენ მიმავალი გზა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობებს ინსტიტუტების შემდგომი გაძლიერების, რეგულაციების აღსრულების და საერთაშორისო ბაზრებზე ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.
საქართველოსთვის, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებისთვის, ბიზნესის დინამიზმი მოითხოვს რამდენიმე გამოწვევაზე რეაგირებას, მათ შორისაა, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესება, ეკონომიკაში სახელმწიფოს ჩარევის შემცირება, განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ფირმებისთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობის ამაღლება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
