მსოფლიოში 900 მილიონ ადამიანზე მეტი ფიქრობს, რომ ქვეყანას დატოვებდნენ, ამის შესაძლებლობა რომ ჰქონდეთ – Gallup (BMG)

გლობალურად მიგრაციის სურვილი უპრეცედენტო დონეს აღწევს – ანალიტიკური ფირმა Gallup-ის კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანთა სურვილი, დატოვონ საკუთარი ქვეყანა, გაცილებით მაღალია, ვიდრე ეს ათწლეულის წინ იყო. ამასთან, ეს დასკვნა ვრცელდება მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილზე, იქნება ეს სუბსაჰარული აფრიკა და ლათინური ამერიკა თუ და კანადა, რომლებიც, როგორც წესი, თავად არიან მიგრანტების სამიზნე.
Gallup-ის ბოლო კვლევით, გლობალურად, ზრდასრულთა 16% – 900 მილიონ ადამიანზე მეტი – ფიქრობს, რომ ქვეყანას პერმანენტულად დატოვებდნენ, ამის საშუალება რომ ჰქონდეთ. ეს მაჩვენებელი უცვლელია 2021-22 წლების შედეგებთან შედარებით, თუმცა გაზრდილია 2011 წელთან შედარებით, როცა ემიგრაციის სურვილს პლანეტის მოსახლეობის 11% გამოთქვამდა.
კითხვაზე, ისურვებდით თუ არა საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში უვადოდ გადასვლას, Gallup-მა 142 ქვეყანაში მცხოვრები 146 000 ადამიანის პასუხი შეაგროვა. აღმოჩნდა, რომ ემიგრაციის სურვილი ყველაზე მაღალი, 37%, სუბსაჰარულ აფრიკაშია, ყველაზე დაბალი, 8% კი – აღმოსავლეთ აზიაში. ამასთან, 2011 წელთან შედარებით, მაჩვენებელი ყველაზე დრამატულად, 10 პროცენტული პუნქტით, ლათინურ ამერიკასა და კარიბის რეგიონში გაიზარდა, აშშ-ში და კანადასა და სუბსაჰარულ აფრიკაში კი – 8%-ით. ამასთან, უცვლელ, 20%-იან მაჩვენებელზე დარჩა მიგრაციის სურვილი ევროკავშირში.
მიგრაციის სურვილი:
· სუბსაჰარული აფრიკა – 37%
· ლათინური ამერიკა და კარიბის რეგიონი – 28%
· შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა – 26%
· ევროკავშირი – 20%
· აშშ და კანადა – 18%
· ავსტრალია/ახალი ზელანდია – 14%
· დსთ-ს ქვეყნები – 13%
· სამხრეთ აზია – 11%
· სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია – 9%
· აღმოსავლეთ აზია – 8%
იმ ქვეყანათა ჩამონათვალი, სადაც ემიგრაცია განსაკუთრებით მოთხოვნადი და სასურველია, მეტ-ნაკლებად უცვლელია 2007 წლიდან, მას შემდეგ, რაც Gallup-მა მონაცემთა წარმოება დაიწყო. ამ სიაში ამერიკის შეერთებული შტატები ყოველწლიურად ლიდერობს.
კერძოდ, გამოკითხულთა 18%-სთვის, რაც 170 მილიონის, ყოველი 5-დან 1 ადამიანის ეკვივალენტია, ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე სასურველი საემიგრაციო მიმართულებაა. მიუხედავად მაღალი მაჩვენებლისა, 2011 წელს ის 22%-ს უდრიდა, 2017 წლიდან კი დაიკლო.
პოტენციური მიგრანტებისთვის ყველაზე სასურველი მიმართულებები:
Gallup-ის შეფასებით, იმ ადამიანთა რიცხვი, ვისაც ემიგრაციის სურვილი აქვთ, გაცილებით მაღალია მათთან შედარებით, ვინც ამას რეალურად აპირებს. შესაბამისად ყველას, ვისაც სხვა ქვეყანაში გადასვლის სურვილი აქვს, ამას ვერ ახერხებს. მიუხედავად ამისა, იმის განსაზღვრა, თუ ვინ არიან პოტენციური მიგრანტები და სად, ასევე რატომ სურთ მათ მიგრაცია, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა როგორც ტვინების გადინების პრევენციისთვის, ასევე საემიგრაციო პოლიტიკის შემუშავებისთვის.
bm.ge