გლობალურად პლასტმასის გადამუშავების მაჩვენებლები 10%-ზე დაბლაა, პლასტმასას წარმოება კი მზარდია – ამის შესახებ ჩინეთის ცინხუას უნივერსიტეტის კვლევაშია საუბარი. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ პლასტმასის აბსოლუტური უმრავლესობა წიაღისეული საწვავზე დაფუძნებული ნედლეულით იწარმოება, რაც კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის გლობალურ ძალისხმევას ეწინააღმდეგება.
პლასტმასის გლობალური სექტორის შესახებ უნიკალური ანალიზის მოსამზადებლად კვლევის ავტორები 2022 წლის ეროვნულ სტატისტიკებს, ინდუსტრიის ანგარიშებსა და საერთაშორისო მონაცემთა ბაზებს დაეყრდნენ. აღმოჩნდა, რომ 2022 წელს წარმოებული 437 მილიონი ტონა ახალი პლასტმასიდან მხოლოდ 9% შეიქმნა გადამუშავებული ნედლეულისგან. გადამუშავების მაჩვენებელი გლობალურად სტაგნაციაშია და წლიდან წლამდე მცირედ გაუმჯობესებას აჩვენებს.
აშშ-ს, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე პლასტმასის უმსხვილესი მომხმარებელია, პლასტმასის გადამუშავების ყველაზე დაბალი, 5%-იანი მაჩვენებელი აქვს. კვლევის თანახმად, გადამუშავება შემცირდა მას შემდეგ, რაც ჩინეთმა 2018 წელს პლასტმასის ნარჩენების იმპორტი შეზღუდა.
მიუხედავად იმისა, რომ რეციკლირების მაჩვენებელი 9%-ზეა გაჩერებული, ფიქსირდება მნიშვნელოვანი ცვლილება ნარჩენების გარემოში მოხვედრის სტატისტიკაში. მართალია, ნარჩენების 40% კვლავ ნაგავსაყრელზე ხვდება, ეს მაჩვენებელი წლიდან წლამდე შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ნაგვის თერმული დამუშავების დონე კი იზრდება და 2022 წელს 34% შეადგინა.
პლასტმასის ნარჩენების დაწვის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები იაპონიაში, ჩინეთსა და ევროკავშირში ფიქსირდება და, შესაბამისად, 70%, 60% და 38%-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ პლასტმასის წვა თავის რისკებთანაა დაკავშირებული და გაძლიერებულ ტექნოლოგიებს მოითხოვს.
კვლევის თანახმად, ყოველწლიურად საყოფაცხოვრებო მოხმარების შემდეგ შეგროვებული 75 მილიონი ტონა პლასტმასიდან მხოლოდ 38 მილიონი ტონაა გადასამუშავებლად ვარგისი. ხელისშემშლელ ფაქტორებს შორისაა პლასტმასის საკვებით დასვრა, წებოვანი ეტიკეტები და სხვა ტიპის დაბინძურება.
წყარო: bm.ge
