„თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, ია კაციამ რადიო „კომერსანტის“ ეთერში 2023 წლის ტურიზმის მაჩვენებლები შეაფასა და 2024 წლის მოსალოდნელ ტენდენციებზე ისაუბრა.
ია კაციას თქმით, საქართველოში, ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელმა 80% შეადგინა და მსოფლიო მაჩვენებლებს ჩამორჩა.
„ მსოფლიოში დაფიქსირდა ტურიზმის აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი. (შედარება კეთდება 2019 წელთან, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით).საქართველოს 2023 წლის ჯამური მაჩვენებელი ამ მაჩვენებელს მცირედით ჩამორჩება. ჩვენთან დაახლოებით 80%-ით აღდგა ტურისტული ნაკადი.
2023 წლის მესამე კვარტალში აღდგენის მაჩვენებელმა 83%-ს მიაღწია, ხოლო მეოთხე კვარტალში კლებად ტრენდი შეინიშნა. ეს გამომდინარეობს რეგიონში არასტაბილური მდგომარეობიდან, რასაც დაემატა ისრაელი-პალესტინის ომი, რამაც დიდი გავლენა იქონია ტურისტების ნაკადის შემცირებაზე ისრაელიდან. სანამ ეს კონფლიქტი დაიწყებოდა, 2019 წელთან შედარებით, ისრაელიდან ტურისტების ნაკადის აღდგენის ძალიან მაღალი მაჩვენებელი გვქონდა, დაახლოებით 130%,“- განაცხადა მან.
როგორც „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა აღნიშნა, ტურისტული ნაკადის აღდგენის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აზერბაიჯანთან გვაქვს. ისრაელიდან შემცირებული ტურისტული ნაკადის კომპენსირების გზა კი ევროპული ბაზრის უკეთ ათვისებაა.
„ჯერჯერობით, ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც აღდგენის ყველაზე ცუდი მაჩვენებელი ფიქსირდება, ესაა აზერბაიჯანი. რაც საზღვრის დაკეტვითაა განპირობებული.
სასტუმროებსა და რესტორნებს განსაკუთრებით შეიძლება შეეხოს ისრაელიდან და სხვა ქვეყნებიდან შემცირებული ნაკადი.ეს შემცირება განსაკუთრებით შეეხო ბათუმს, სადაც ისრაელის წილი შედარებით მაღალი იყო.
წყარო, საიდანაც შეიძლება უფრო მაღალი შემოდინება გვქონდეს არის ევროპული ქვეყნები. გაჟღერდა, რომ რამდენიმე პირდაპირი მიმართულება შეიძლება დაემატოს თბილისში, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან და ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება და მნიშვნელოვნად წაახალისებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტების შემოდინებას.
ამ პროცესს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს თუნდაც ის, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გვაქვს და ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ხარისხი და ქვეყნისადმი ინტერესი მეტად გაიზრდება“.
„თიბისი კაპიტალი“ წარმომადგენლის თქმით, სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტი და მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკადი გაზრდილია წინარე პერიოდთან შედარებით.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, სასტუმროების დაკავებულობის კოეფიციენტია. დატვირთულობის კოეფიციენტი 2023-ში 2022 წლის კოეფიციენტსაც და 2019 წლის კოეფიციენტსაც აღემატება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია სასტუმროების ფასი, რომელიც ასევე გაზრდილია და წინა წლების მაჩვენებელს აღემატება. შემოსავლების აღდგენის მაჩვენებელი 127%-ით მეტია, 2019 წლის მაჩვენებლებზე. არსებობს მოლოდინები, რომ ორივე ინდიკატორი 2024-ში კიდევ უფრო გაიზრდება“.
ია კაციას თქმით, 2024 წელს სასტუმროების დატვირთულობა 4-5 %-ით გაიზრდება და მეზობელ ქვეყნებთან ტურისტული ნაკადის აღდგენა 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდება.
„ველოდებით რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან აღდგენა იქნება დაახლოებით იმ დონის, რაც 2019 წელს გვქონდა. ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც განსაკუთრებით კარგ შედეგს აფიქსირებს ამ მიმართულებით, არის თურქეთი და ველოდებით, რომ მეტად გაიზრდება ტურისტული ნაკადი. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ეს დამოკიდებული იქნება რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე.
დიდი ალბათობით, 2024 წელს ტურიზმის უკეთესი მაჩვენებელი გვექნება. სრულად აღდგენას ჯერჯერობით არ ველოდებით (2019 წელთან შედარებით), თუმცა 2023 წელთან შედარებით უკეთეს შედეგია მოსალოდნელი., როგორც ტურისტულ ნაკადთან, ასევე ტურისტულ შემოსავლებთან მიმართებით.
ვფიქრობთ, რომ სასტუმროების დატვირთულობა 4-5 %-ით გაიზრდება. ასევე, ვფიქრობთ, რომ გაიზრდება სასტუმროების ფასიც,“- აღნიშნა „თიბისი კაპიტალის“ უფროსმა ასოცირებულმა მკვლევარმა, ია კაციამ.