მსოფლიოს წამყვანი სტარტაპ აქსელერატორები – Startupbootcamp/Rainmaking, Plug and Play, UPTEC, Baltic Innovation Agency, USMAC, 2080 Ventures, Startup Wise Guys, 500 Global in Eurasia, German Accelerator თბილისში არიან. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ GITA 2.0 ფარგლებში მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტები და ახალი ინიციატივები გააცნო, რომელიც სტარტაპებისთვის ახალი საგადასახადო რეჟიმის ამოქმედებასა და გლობალური მასშტაბირებადობის პოტენციალის ზრდას უწყობს ხელს.
აღნიშნულ პროცესში საერთაშორისო აქსელერატორების როლი და ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის, როგორც ინოვაციების ჰაბად გარდაქმნას. სამუშაო პროცესში სტუმრებმა წარადგინეს თავიანთი ხედვები და გეგმები საქართველოში პროგრამის განხორციელების შესახებ.
ავთანდილ კასრაძე – „საქართველოს მთავრობის გაცხადებული პრიორიტეტებია სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენ წლების განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ აქსელერატორებთან და მთავრობის ახალი ინიციატივების საფუძველზე კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობას მივცემთ ქვეყანას, მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც რეგიონალური ლიდერი ინოვაციების ეკოსისტემის ნაწილში. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასეთი მსხვილი, გლობალურად წარმატებული აქსელერატორები არიან დაინტერესებული საქართველოში შემოსვლით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის მნიშვნელოვან მიღწევებზე.“
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ დაფინანსდა გლობალური მასშტაბის პოტენციალის მქონე 200-ზე მეტი ინოვაციური სტარტაპი და საგრანტო დაფინანსების ოდენობამ შეადგინა 38 მილიონი ლარი, შედეგად კი დაფინანსებულმა სტარტაპებმა ნახევარი მილიარდი ლარის კერძო ფინანსური სარგებელი მოიპოვეს და შექმნეს 3000-მდე ახალი სამუშაო ადგილი.