ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირადღირებული სპორტული გუნდის 2025 წლის სია გამოაქვეყნა. მათი ჯამური ღირებულება 353 მილიარდ დოლარზე მეტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული საშუალოდ 7.1 მილიარდ დოლარად ფასდება. ეს 2024 წელთან შედარებით 22%-ით მეტია და ორჯერ აღემატება ოთხი წლის წინანდელ მაჩვენებელს.
აღსანიშნავია, რომ ექვსი წლის წინ, მსოფლიოს ყველაზე ღირებული სპორტული გუნდის ღირებულება 5 მილიარდი დოლარი იყო. ახლა ეს მაჩვენებელი ტოპ-50-ში მოსახვედრადაც კი არ არის საკმარისი.
2025 წლის რეიტინგში შემავალმა რვა ფრენჩაიზმა წლიურად მინიმუმ 30%-იანი ზრდა დააფიქსირა. გასათვალისწინებელია, რომ ეს მაჩვენებელი არ მოიცავს ფორმულა 1-ის Ferrari-ისა და Mercedes-ის ფასებს, რომლებმაც ერთად 2023 წლიდან 58%-იანი ზრდა აჩვენა, თუმცა გასულ წელს Forbes-ის ისინი არ შეუფასებია.
Forbes-ის რეიტინგში, 2016 წლიდან მოყოლებული, პირველ პოზიციას არ თმობს Dallas Cowboys-ი. თუმცა წელს მისი ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და 13 მილიარდ დოლარს აღწევს. Dallas Cowboys-ის გარდა, წელს ღირებულებით $10-მილიარდიან ნიშნულს კიდევ ოთხი გუნდი უტოლდება ან აღემატება, მათ შორისაა: Golden State Warriors-ი, რომლის ღირებულებაც 11 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ მონაცემით რეიტინგში მეორე ადგილს სჯერდება; შემდეგ მოდის Los Angeles Rams-ი $10.5-მილიარდიანი შეფასებით; მეოთხე და მეხუთე პოზიციაზე კი, შესაბამისად, New York Giants-ი ($10.1 მილიარდი) და Los Angeles Lakers-ია ($10 მილიარდი).
ამერიკული გამოცემის დაკვირვებით, ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სპორტული გუნდების ღირებულების მკვეთრი ზრდა მედიაუფლებების საფასურის მატებით აიხსნება. მაგალითად, გასულ წელს NBA-მ 11-წლიანი სატელევიზიო კონტრაქტები გააფორმა ABC/ESPN-თან, NBC/Peacock-თან და Amazon Prime Video-სთან, რომელთა ჯამური ღირებულება 76 მილიარდ დოლარს შეადგენს. ეს წელიწადში საშუალოდ 6.9 მილიარდ დოლარს უტოლდება და წინა შეთანხმებებთან შედარებით წლიურად დაახლოებით 4 მილიარდი დოლარით მეტია. ერთი წლით ადრე კი NFL-მა შეთანხმებათა პაკეტზე დათანხმდა, რომელიც 2033 წლამდე მინიმუმ 125.5 მილიარდი დოლარის შემოსავალს უზრუნველყოფს.
Forbes-ის შეფასებით, NBA-ისა და NFL-ის ფრენჩაიზების საშუალო შემოსავალი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შესაბამისად, 141%-ით და 91%-ით გაიზარდა, დაახლოებით 417 მილიონ და 662 მილიონ დოლარამდე.




