მსოფლიოს არაერთი ლიდერი და ცნობილი პოლიტიკოსი გამოეხმაურა რომის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. გთავაზობთ ციტატებს მისამძიმრების წერილებიდან და განცხადებებიდან:
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი – „მშვიდად განისვენე პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს ის და ყველა, ვისაც ის უყვარდა!“
აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი – „ჩემი გული უერთდება მილიონობით ქრისტიანისას მთელ მსოფლიოში, ვისაც ის უყვარდა. ბედნიერი ვიყავი გუშინ მასთან შეხვედრით, თუმცა ის აშკარად ძალიან ავად იყო. მე მუდამ მემახსვორება ის კოვიდის სულ პირველ დღეებში მისი ქადაგებებისთვის. ეს მართლაც ერთობ მშვენიერი იყო“.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო – „აღდგომის ორშაბათს ჯანეტი და მე დამწუხრებულები ვართ პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო. ჩვენს ლოცვას ვუერთებთ მსოფლიოს კათოლიკეთა ლოცვას პონტიფიკოსის სულის განსვენებისა და კათოლიკური ეკლესიისთვის ამ გარდამავალი პერიოდისთვის. დაე, მშვიდად განისვენოს“.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი – „ვუერთდები მილიონობით ადამიანის მწუხარებას მისი უწმინდესობის პაპ ფრანცისკეს გარდაცვალების გამო.
მისი ლიდერობა მსოფლიოსა და ეკლესიისთვის ამ რთულ და გამოწვევებით სავსე დროში იყო გაბედული და ამასთან, ღრმად თავმდაბალი.
პაპი ფრანცისკე იყო ღარიბების, ჩაგრულებისა და მიტოვებულების პაპი. ის იყო ახლოს ადამიანური დაუცველობის რეალობასთან, ხვდებოდა ქრისტიანებს მთელ მსოფლიოში, რომლებიც აღმოჩნდნენ ომის, შიმშილის, შევიწროებისა და სიღარიბის წინაშე. მას არასდროს დაუკარგავს უკეთესი მსოფლიოს იმედი. ეს იმედი იყო მისი პაპობის გულში. მისი სიმტკიცე – ხორცი შეესხა რწმენისთვის, შთააგონებდა ადამიანებს მთლ მსოფლიოში, რომ დაენახათ ეკლესიის წყალობასა და ქველმოქმედებაზე განახლებული სწავლება. მისი გარდაცვალება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მის მოწოდებას ვიზრუნოთ ერთმანეთზე განსხვავებული რწმენის, ცოდნის, ქვეყნისა და სარწმუნოების მიღმა.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი – „პაპი ფრანცისკე იყო თავმდაბლობის კაცი, რომელიც იყო ყველაზე დაუცველისა და სუსტის მხარეს.
ბუენოს აირესიდან რომამდე, რომის პაპს სურდა ეკლესიას მოეტანა სიხარული და იმედი ყველაზე ღარიბებისთვის. დაე, ამან გააერთიანოს ადამიანები ერთმანეთთან და ბუნებასთან. დაე, ეს იმედი დარჩეს მისგან სამარადისოდ“.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლეიენი – „დღეს მსოფლიო გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას. მან მილიონობით ადამიანი, ბევრი – კათოლიკური ეკლესიის მიღმა მყოფიც, შთააგონა თავისი თავმდაბლობითა და სიყვარულით ნაკლებად იღბლიანების მიმართ. ჩემი ფიქრები არის მათთან, ვინც გრძნობს ამ ღრმა დანაკარგს. დაე, მათ იპოვნონ ნუგეში იმაში, რომ პაპ ფრანცისკეს მემკვიდრეობა კვლავაც გაგვიძღვება ყველა ჩვენგანს უფრო სამართლიანი, უფრო მშვიდობიანი და უფრო თანამგრძნობი მსოფლიოსკენ“.
გერმანიის მომავალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი – „პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება უდიდესი მწუხარებით მავსებს. ფრანცისკეს გაიხსენებენ მისი დაუღალავი ერთგულებისთვის ყველაზე დაუცველების მიმართ, სამართლიანობისა და შერიგების მიმართ. თავმდაბლობა და ღმერთის მოწყალეობისადმი რწმენა იყო მისი მეგზური ამაში. ამრიგად პირველი ლათინოამერიკელი პაპი მიწვდა ადამიანებს მთელ მსოფლიოში, სარწმუნოებრივ საზღვრებს მიღმა“.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი – „მილიონობით ადამიანი მთელ მსოფლიოში გლოვობს პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებაზე ტრაგიკული ამბის გამო.
მისი ცხოვრება ეძღვნებოდა ღმერთს, ადამიანებსა და ეკლესიას· მან იცოდა როგორ დაეიმედებინა, ლოცვის გზით შეემსუბუქებინა ტანჯვა და ხელი შეეწყო ერთიანობისთვის. ის ლოცულობდა მშვიდობისთვის უკრაინისა და უკრაინელებისთვის“.
უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიჰალი – „დავმწუხრდი, როცა პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებაზე შევიტყვე. ვატიკანის კედლებში ერთზე მეტი შეხვედრა გვქონდა. მისი ლიდერობით, წმინდა საყდარმა მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული მხარდაჭერა გაუწია უკრაინას და წვლილი შეჰქონდა მშვიდობის დამყარების მცდელობებში. განსაკუთრებული მადლიერება მას ვატიკანის საავადმყოფოში უკრაინელი ბავშვების მკურნალობისთვის. ვაფასებთ ყველაფერს, რაც პაპ ფრანცისკეს გაუკეთებია ჩვენი ქვეყნისთვის“.
პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა – „მისი სულიერი მსახურება ეფუძნებოდა თავმდაბლობასა და მოწიწებას. თავისი პაპობის დევიზად მან თავისივე ეპისკოპოსობის დევიზი აირჩია – Miserando atque eligendo (მოწყალებით, მაგრამ არჩევით). ის იყო მოწყალების უდიდესი მოციქული, რაშიც ის ხედავდა თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევების პასუხს”.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი – „პატივცემული სახელმწიფო მოღვაწე, პაპი ფრანცისკე აგრეთვე იყო სულიერი ლიდერი, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს სხვადასხვა სარწმუნოების ჯგუფებს შორის და იჩენდა ინიციატივას ჰუმანიტარული ტრაგედიების დროს, განსაკუთრებით პალესტინის საკითხსა და გენოციდზე ღაზაში“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი – „პაპ ფრანცისკეს სახით საერთაშორისო საზოგადოებრიობამ და მსოფლიოს კათოლიკეებმა დაკარგეს შესანიშნავი რელიუგიური ფიგურა, უდიდესი პიროვნება მაღალი მორალური თვისებებით, რომლის ცხოვრების მისია იყო უანგაროდ ემსახურა კაცობრიობის მშვიდობისთვის.
პაპმა ფრანცისკემ მთელი თავისი ცხოვრება და საქმიანობა მიუძღვნა უნივერსალური ღირებულებების შენარჩუნებას, რელიგიათაშორისი და კულტურათაშორის ურთიერთგაგების ხელშეწყობას და ჰუმანიზმის იდეალებს. ის შრომობდა დაუღალავად ხალხებს შორის ურთიერთგაგების, ერთიანობისა და სოლიდარობისთვის.
მისმა უწმინდესობა ფრანცისკემ შეუფასებელი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და წმინდა საყდარს შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის განვითარებასა და გაძლიერებაში. ყოველთვის მემახსოვრება მასთან შეხვედრები და ჩვენი გულწრფელი კომუნიკაცია, რამაც საუკეთესო შთაბეჭდილებები დამიტოვა. პაპ ფრანცისკეს ძვირფასი ხსოვნა და მდიდარი სულიერი მემკვიდრეობა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებსა და მოგონებებში“.
ფორუმი
