მსოფლიოს გრიპის ახალი ტალღა მოედო – რით არის საშიში ვირუსის ახალი შტამი?
მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გრიპის ახალი ტალღა გავრცელდა და ამ სეზონზე შემთხვევათა დიდი ნაწილის მიზეზი ვირუსის ახალი, განსაკუთრებით საშიში შტამი გახდა.
· თავდაპირველად, H3N2 შტამის K სუბკლადი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში აღმოაჩინეს, რასაც მოჰყვა აფეთქებები იაპონიასა და დიდ ბრიტანეთში. ამ დროისთვის, ვირუსის ეს ვარიანტი უკვე დაფიქსირებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში.
ეს ვარიანტი ადრე იშვიათად გვხვდებოდა, რის გამოც ადამიანებს მის მიმართ არასაკმარისი იმუნიტეტი აქვთ. დიდ ბრიტანეთში ყოველკვირეულად ათასობით დაავადებული ხვდება საავადმყოფოში.
რა არის გრიპის ვირუსის H3N2-ის მუტაცია?
გრიპის ვირუსები მუდმივად მუტაციას განიცდიან და ექიმები ცვლილებებს აკვირდებიან, რათა მათ საწინააღმდეგოდ ახალი, ეფექტიანი ვაქცინები შექმნან.
უმეტეს შემთხვევაში, მუტაციები მცირეა, მაგრამ ზოგჯერ ვირუსი მკვეთრად და არსებითად იცვლება. როგორც კემბრიჯის უნივერსიტეტის პათოგენების ევოლუციის ცენტრის დირექტორი, დერეკ სმიტი განმარტავს, H3N2-მა შვიდი მუტაცია განიცადა.
“ის თითქმის აუცილებლად მოედება მთელ მსოფლიოს“, – წინასწარმეტყველებს პროფესორი სმიტი.
უფრო საშიშია თუ არა ეს შტამი?
ადამიანები H3N2-ის K სუბკლადს ბოლო წლებში იშვიათად შეხვედრიან. შესაბამისად, მათ მის მიმართ მდგრადი იმუნიტეტი არ გამოუმუშავებიათ.
ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი გრიპის სიმპტომები შესაძლოა ჩვეულებრივზე მძიმე არ იყოს, მეტი ადამიანის დაინფიცირებაა მოსალოდნელი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ზოგიერთი ვირუსს სიმპტომების გარეშეც გადაიტანს, მაგრამ მთავარი სიმპტომებია სიცხე, სხეულის სხვადასხვა ნაწილის ტკივილი და სწრაფი დაღლილობა, ხოლო ხანდაზმულებისა და სხვა დაავადებებით დასუსტებული ადამიანებისთვის, ეს ვირუსი, შესაძლოა, სასიკვდილოც კი აღმოჩნდეს.
“ასეთი ვირუსი დიდი ხანია არ გვინახავს. დინამიკა უჩვეულოა”, – ამბობს ნიკოლა ლუისი, ფრენსის კრიკის ბრიტანული ინსტიტუტის გრიპის მსოფლიო ცენტრის დირექტორი.
როგორ განვასხვაოთ გრიპი გაციებისგან და COVID-19-ისგან?გაციების, გრიპისა და COVID-19-ის ბევრი სიმპტომი ემთხვევა ერთმანეთს, თუმცა არის განსხვავებებიც, რომლითაც შესაძლებელია დაავადების ტიპის დადგენა:
· გაციება ჩვეულებრივ თანდათანობით ვითარდება და გამოიხატება სურდოსა და ყელის ტკივილში.
· გრიპი როგორც წესი, უეცრად იწყება და თან ახლავს მაღალი ტემპერატურა, ტკივილი სხეულის სხვადასხვა ნაწილში და კუნთების სისუსტე.
· COVID-19-ის სიმპტომები გრიპის სიმპტომებს ჰგავს, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი შეიძლება იყოს გემოსა და ყნოსვის დაკარგვა. გარდა ამისა, COVID-19-ს შეიძლება ახლდეს ყელის ძალიან მძაფრი ტკივილი და ფაღარათი.
როგორ დავიცვათ თავი გრიპისგან?
გრიპით დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გზა აცრაა. თუმცა, არსებული ვაქცინები, შესაძლოა, ახალი ვირუსის ვარიანტის წინააღმდეგ საკმარისად ეფექტიანი არ იყოს.
“ნებისმიერი დაცვა სრულ უმოქმედობას სჯობს, მაგრამ წელს, როგორც ჩანს, დაცვა ნაკლები იქნება, ვიდრე იმ წლებში, როდესაც ვაქცინები უფრო მეტად ემთხვევა ვირუსს. სიტუაცია იდეალურისგან შორსაა“, – განუცხადა BBC-ის ოქსფორდის უნივერსიტეტის პანდემიების ინსტიტუტის პროფესორმა კრისტოფ ფრეიზერმა.
“K სუბკლადის ვირუსები, რომლებიც ამჟამად ცირკულირებს, ანტიგენების ნაწილში ოდნავ განსხვავდება წინა შტამებისგან, ასე რომ, თუ წელს ახალი აცრა არ გაგიკეთებიათ, უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ დაავადდებით და უფრო მძიმედ გადაიტანთ გრიპს“, – განმარტავს ნიკოლა ლუისი.
სპეციალისტების თქმით, მთავარი, რისი გაკეთებაც ამჟამად არსებულ ვაქცინას შეუძლია, არის ის, რომ შეამსუბუქოს სიმპტომები და ხელი შეუწყოს ვირუსის გავრცელების შეკავებას.
გავრცელების შეკავებას სხვადასხვა სახის კარანტინიც უწყობს ხელს. იაპონიასა და ინგლისში, მაგალითად, უკვე დაიხურა ზოგიერთი სკოლა.
პაციენტების ნაკადი ბრიტანეთის საავადმყოფოებში
ინგლისში, სადაც გაერთიანებული სამეფოს დაახლოებით 70 მილიონი მცხოვრებიდან თითქმის 59 მილიონი ცხოვრობს, დეკემბრის პირველ კვირას საავადმყოფოებს გრიპის დიაგნოზით დღეში საშუალოდ 2660 ადამიანი მიმართავდა.
როგორც ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS England) ინგლისური განყოფილება იტყობინება, ეს ნოემბრის ბოლო კვირასთან შედარებით ნახევარჯერ მეტია, ხოლო 7 დეკემბრის შემდეგ დაავადებულთა რაოდენობა კვლავ იზრდება და პიკამდე ჯერ კიდევ შორია.
მედიკოსების პროგნოზით, 14 დეკემბრისთვის მიმართვიანობის რაოდენობა დღეში 5-8 ათასს მიაღწევს. ამ დროისთვის, სეზონური გრიპის დროს ინგლისში რეკორდი დღეში 5400 ადამიანია.
დაავადებულთა რაოდენობა ასე სწრაფად იზრდება გაერთიანებული სამეფოს სხვა ნაწილებშიც: შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ბრიტანეთის ბევრ საავადმყოფოსა და სკოლაში ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა.
bbc.com
თარგმნა: www.ambebi.ge




