· 41
“იანვრის ბოლოს, თებერვლის დასაწყისში ქართულ პოლიტიკურ ველზე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდება”, – ამბობს ეზოტერიკოსი, პარაფსიქოლოგი და ექსტრასენსი ცირა კუპრაშვილი. ცნობისთვის, ცოტა ხნის მან იაპონიაში მომხდარი მიწისძვრა იწინასწარმეტყველა, უფრო ადრე კი ქართველებს ისრაელის დატოვებისკენ მოუწოდა. თუ სოციალურ ქსელში მოიძიებთ, აუცილებლად ნახავთ მის გაფრთხილებას რაჭაში მომხდარ ტრაგედიამდე. ქართველი ეზოტერიკოსის მოსაზრებები საინტერესო აღმოჩნდა დასავლური მედიისთვისაც. მისი აზრით, უახლოეს მომავალში ბუნებრივი კატაკლიზმებია მოსალოდნელი ისრაელში, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთსა და ამერიკაში.
ქალბატონი ცირა ქართველებსაც სიფრთხილისაკენ მოგვიწოდებს და გვარწმუნებს, რაჭაში სტიქია ისევ განმეორდება, თუმცა, გვაიმედებს, რომ მსხვერპლი აღარ იქნება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 2024 წელი საქართველოსათვის განსაკუთრებით იღბილიანი იქნება, ცვლილებები კი ძალიან მალე დაიწყება. უფრო ვრცლად ცირა კუპრაშვილის ნიჭისა და მოსალოდნელი სიახლეების შესახებ, მასთან ინტერვიუში შეიტყობთ.
– სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ 3 უწმინდესის გარდაცვალებაც ვიწინასწარმეტყველე, 3 იანვარს კი ჩვენი სამყარო ფიზიკურ სხეულში დატოვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიისა და მაცხოვრის ტაძრის დედათა მონასტრის მონაზონმა მარინემ. იაპონიაში მომხდარი მიწისძვრისა და ისრაელის ომის შესახებაც წინასწარ გავაკეთე განცხადება. ახლაც მოვუწოდებ ქართველებს – დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში, საქართველოზე დაცული და უსაფრთხო ქვეყანა დედამიწის ზურგზე არც ერთი არ არის. ძალიან დიდი სტიქიური უბედურებებია მოსალოდნელი ამერიკაში, ამ ქვეყნის დიდ ნაწილს წყალი დაფარავს.
– საქართველოში, რაჭის გარდა, კიდევ სად არის მოსალოდნელი სტიქიური უბედურებები?
– გურიასა და ბაკურიანში, რიკოთზე დიდი უბედურებაა მოსალოდნელი, გვირაბი საერთოდ დაინგრევა… შარშან ზაფხულში ხალხი სოციალური ქსელის მეშვეობით გავაფრთხილე, რომ რაჭაში არ წასულიყვნენ. სხვათა შორის, ამ “ლაივს” 2 მილიონი ნახვა ჰქონდა. ისრაელის ომის შესახებ სამი დღით ადრე ვთქვი…
– თბილისსა და რუსთავში ხომ არ ხედავთ რაიმე საფრთხეს?
– უახლოეს მომავალში, ცუდს ვერაფერს ვხედავ, პატარ-პატარა მიწისძვრები იქნება, მაგრამ დიდი არაფერი. თბილისში ცოტა პოლიტიკური არეულობაა მოსალოდნელი, მაგრამ ესეც მსხვერპლის გარეშე ჩაივლის.
– როგორ ან როდის მიხვდით, რომ განსაკუთრებულ ნიჭს ფლობთ?
– 3 წლის ასაკიდან ხილვები მაქვს. მივდიოდი ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან და ხან რას ვეტყოდი, ხან რას. მალევე მიხვდნენ, რომ ჩემი ნათქვამი სრული სიზუსტით უცხადდებოდათ. ერთხელ მეზობლის ქალთან მივირბინე და ვუთხარი, ხვალ შენს შვილს შუბლში ტყვიას ესვრიან-მეთქი. სამწუხაროდ, მეორე დილასვე, 6 საათზე ახდა ჩემი ნათქვამი. 9 წლის ასაკიდან უკვე სერიოზული ხილვები მქონდა – მთელი მსოფლიო დავინახე. რაც დღეს ხდება, 9 წლის ასაკში მაქვს დანახული. ყველაზე საოცარი იცით რა იყო? არ მიკვირდა რასაც ვხედავდი. მეგონა, ყველა ბავშვი ხედავდა ამ ყველაფერს. მარტო ცუდს კი არა, კარგსაც.
– როგორც ვიცი, ჰენრი კუპრაშვილის ქალიშვილი ხართ. თქვენ დაეხმარეთ მამას გინესის რეკორდსმენი გამხდარიყო?
– სულაც არა! პირიქით, მე სწორედ მისი დახმარებით, ძალიან ბევრს მივაღწიე ცხოვრებაში. კიდევ უფრო მეტს უნდა მივაღწიო, მსოფლიოს გადარჩენას ვაპირებ. ჩვენს ოჯახში მხოლოდ მე არ ვარ წარმატებული, საოცარი შვილიშვილები მყავს, შეიძლება ითქვას, მამაჩემის მიერ ჩაგდებული “მდოგვის მარცვალი” აღმოცენდა – 5 წლის ბარბარე და 3 წლის ანასტასია არაჩვეულებრივად მღერიან, კონცერტებში მონაწილეობენ, ხატავენ და გამოფენებს აწყობენ, პროფესიონალურ დონეზე დაცურავენ…
– ცურვა თქვენც გეცოდინებათ.
– რა თქმა უნდა, ცურვა ოჯახში ყველამ ვიცით.
– მამას ალბათ, გაფრთხილებებს მაინც აძლევდით. სავარაუდოდ, შვილებსა და შვილიშვილებსაც აძლევთ რჩევებს.
– კი, რა თქმა უნდა, ოღონდ, მხოლოდ მამას და ჩემი ოჯახის წევრებს კი არა, ყველას ვაფრთხილებ და რჩევასაც არავისთვის ვიშურებ.
– ადამიანის სიცოცხლე თუ გადაგირჩენიათ?
– რა თქმა უნდა. ერთი საინტერესო რამ უნდა გიამბოთ, ჩემთან მოვიდა 26 წლის ბიჭი, ირაკლი ერქვა, მისი მეუღლე დღესაც მეგობრობს ჩემთან. ცხოვრებაში პირველად ვუთხარი ადამიანს პირში, ხვალ მოგკლავენ-მეთქი. წესით, ეს ბიჭი ჩემს ნათქვამს უნდა გაეკვირვებინა, მაგრამ პირიქით მოხდა, მან გამაოცა! რა მიპასუხა იცით?! – ვიციო! რატომ მივახალე ასეთი საშინელი სიმართლე?! მისი გადარჩენა მინდოდა! დავინახე კიდეც – თუ 6 თვე მონასტერში იქნებოდა, გადარჩებოდა. მეორე დილით მამათა მონასტრიდან დამირეკა და მითხრა, არ მიშვებენო. – რას ჰქვია, არ გიშვებენ, რატომ არ გიშვებენ-მეთქი? – ასე მეუბნებიან, აქ რამდენი გაივლის და დარჩენა მოუნდება, ყველას ვერ დავტოვებთო. ვთხოვე, დამალაპარაკე-მეთქი. დამელაპარაკნენ, მომისმინეს, მაგრამ მაინც არ მისცეს დარჩენის უფლება. რამდენიმე საათში მისმა მეუღლემ დამირეკა და მითხრა, რომ მოკლეს. ე.ი. მე დავინახე და ბედისწერის შეცვლა მოვინდომე, მაგრამ არ გამოვიდა. გაიარა იმ ბიჭმა თავისი გასავლელი გზა. ახლა კიდევ ერთ ამბავს მოგიყვებით: გოგო, რომელიც წლების განმავლობაში უშვილო იყო, “ძუძუს წყაროზე” წავიყვანე. ეს წყარო ჯვრის მონასტერთან ახლოს არის. ზამთარი იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე იქ წასვლა. წყარომდე რომ მიხვიდე, სალი კლდე უნდა გაიარო, ზამთარში ისეთი მოლიპულია გზა, რომ წარმოუდგენელია, ადამიანმა იქ ჩასვლა შეძლოს. რატომღაც გადავწყვიტე, ჩავსულიყავი. გოგონას დედა ახლდა თან. კლდეს რომ მივუახლოვდი, ორივეს ვთხოვე, ადგილზე დარჩენილიყვნენ. ისინიც დადგნენ და ტელეფონით დაიწყეს ჩემი გადაღება… როგორ ჩავედი და როგორ ამოვედი, წარმოდგენა არ მაქვს! იცით, რა მოხდა?! ჩემთან ერთად, კლდეზე, წყაროს მიმართულებით დედა, მამა და ორი ბავშვი წამოვიდა… ეს კადრებიც დღესაც არსებობს, საოცრებაა – კადრში ჩანს, როგორ მივდივართ ყველანი ერთად, წყალს ვიღებთ და უკან ვბრუნდებით… მოვდივართ უკან და უცებ დედაც ქრება, მამაც და ორი ბავშვიც, ნაფეხურებიც კი არ დარჩა თოვლზე. გოგონას, რომელიც წყაროზე მე წავიყვანე და ამ ყველაფერს ტელეფონით იღებდა, გული წაუვიდა! ე.ი. ანგელოზები დამეხმარნენ წყლის ამოტანაში. გოგონას ზუსტად 9 თვეში შეეძინა შვილი.
– მოდი, მითხარით, ამ თვეში ძალზე მნიშვნელოვანი რა მოხდება საქართველოში?
– სასწაული ამბავი მოხდება იანვრის ბოლოდან ან თებერვლის დასაწყისში, მასშტაბური რეორგანიზაცია მოხდება ხელისუფლებაში, ძალიან ბევრი ახალი სახე გამოჩნდება, მათ შორის ახალი ლიდერიც.
– ვინ იქნება ახალი ლიდერი?
– ის იქნება ახალგაზრდა ბიჭი, ცნობილი ოჯახიდან. საოცარ პროგრესს მოიტანს საქართველოსთვის.
– ეს ოჯახი პოლიტიკურ ელიტას წარმოადგენს თუ რომელიმე სხვა სფეროს?
– პოლიტიკურ ელიტას.
– კიდევ რას ხედავთ?
– არაჩვეულებრივი პერიოდი დგება ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ძალიან ბევრი დიპლომატიური მოლაპარაკება იქნება, რომლებიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩაეყრება საფუძველი. ომს გადავურჩებით. მცირე შიდა დაპირისპირებები იქნება, მაგრამ სერიოზული არაფერი. ბევრი პოლიტიკური ლიდერი ქალი გამოიკვეთება, ელჩებად დაინიშნებიან, ახალი პოლიტიკური პარტიები შეიქმნება. ბევრ ახალგაზრდას მიეცემა ასპარეზი, დაწინაურდებიან კახა კალაძე და ირაკლი კობახიძე, კალაძე პრეზიდენტად ან პრემიერად დაინიშნება, ბიძინა ივანიშვილი თავის პოსტზე დარჩება. სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილი და კახა კალაძე სულ იქნებიან ქართულ პოლიტიკაში.
– პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეზე რას იტყვით?
– ირაკლი ღარიბაშვილს ვერ ვხედავ, ვერც შალვა პაპუაშვილს. რადგან მე ვერ ვხედავ, არ ნიშნავს, რომ გაქრებიან ქართული პოლიტიკური ველიდან, უბრალოდ მე ვერ ვხედავ.
– ოპოზიციურ ველზე ვინ დაწინაურდება?
– სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე ვეღარ ვხედავ. სალომე ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი ოპოზიციონერი ლიდერი იქნება.
– მამუკა ხაზარაძეზე, გიორგი ვაშაძესა და სხვა ლიდერებზე რას იტყვით?
– ვაშაძე ფრთხილად იყოს, რაღაც საფრთხეს ვხედავ მის თავზე. მიშა სააკაშვილს თვითმკვლელობის მცდელობა ექნება, მაგრამ ვერ მოახერხებს.
– რა ბედი ელის “ნაციონალურ მოძრაობას”?
– არანაირი ბედი არ ელის, ჩაიარა “ნაციონალური მოძრაობის” მატარებელმა, ვერსად ვხედავ მაგათ. საქართველოს ეყოლება ძალიან ჭკვიანი ხელისუფლება, რომელიც დიპლომატიური ნიჭის შედეგად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. ჩვენ ისეთ ტერიტორიებს დავიბრუნებთ, გაგიკვირდებათ. შეიძლება ახლა ეს ყველაფერი დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ მალე დარწმუნდებით ჩემს სიმართლეში. სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება 7 წლის წინ, გასვიანის გადაცემა “ფაბრიკაში” ვიწინასწარმეტყველე. ისიც 7 წლის წინ ვთქვი, რომ სააკაშვილს ციხეში ჩასვამდნენ.
ჟურნალი “გზა”