სტამბოლის მერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და ერდოღანის მთავარი პოლიტიკური მეტოქე, ექრემ იმამოღლუ, რომელსაც დღეს სასამართლომ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა და პატიმრობა შეუფარდა, ფეისბუკით მიმართავს ხელისუფლებას, მოსახლეობას კი მხნეობისა და ბრძოლისკენ მოუწოდებს.
„შიში უსარგებლოა ბედისწერის წინაშე! ასე იქნება თუ ისე, მაინც დამარცხდებით! დამარცხდებით ჩვენი სიმართლის, ჩვენი სიმამაცის, კეთილშობილების, ჩვენი მოღიმარი სახეების წინაშე!
ჩემო ძვირფასო ხალხო, არასდროს მოიწყინოთ, გული არასდროს გაიტეხოთ, იმედი არასდროს დაკარგოთ. ერთად მოვერევით ამ დარტყმას ჩვენს დემოკრატიაზე, ერთად მოვიცილებთ ამ შავ ლაქას. ახლოა დღე, როდესაც პასუხისგება მოუწევს ყველას, ვინც ამ პროცესს მართავს და მისით სარგებლობს. პასუხისგება მოუწევთ ამ სოფლადაც და იმქვეყნადაც, როდესაც ყოვლისშემძლე ღმერთის წინაშე წარდგებიან.
მოგიწოდებთ ჩემს ოთხმოცდაექვსივე მილიონ თანამემამულეს, მიაშურეთ საარჩევნო უბნებს და მთელ მსოფლიოს გააგონეთ ხმა ჩვენი ბრძოლისა დემოკრატიისთვის და სამართლიანობისთვის.
მე ვდგავარ თავაწეული და დაჩოქებას არ ვაპირებ.
ყველაფერი კარგად იქნება…“ — წერს ექრემ იმამოღლუ.
შეგახსენებთ, რომ იმამოღლუ ოთხშაბათს დააპატიმრეს, ერთი დღით ადრე, როცა მისი 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატად დასახელება იგეგმებოდა. მას კორუფციას ედავებიან. პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს დილით მიიღო.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ხალხი სტამბოლის მუნიციპალიტეტის შენობასთან შეიკრიბა. დემონსტრანტები და პოლიცია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მოქალაქეთა დასაშლელად პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
