2023 წელს, ამაზონის ტყეები, ტრადიციული სინოტივის ნაცვლად, რეგიონში არსებულმა ძლიერმა სიცხემ დააზიანა. ბევრ სოფლამდე მისვლა მდინარის საშუალებით შეუძლებელი გახდა – დაიწვა ტყეები და დაიღუპა უამრავი ველური ცხოველი. მეცნიერები შიშობენ, რომ მსგავსი კატაკლიზმები ტყის მსხვილ მასივებს გაქრობისკენ მიაქანებს.
სოფელი სახელწოდებით Bom Jesus de Igapo Grande, სადაც 40 ოჯახი ცხოვრობს, რეგიონში დაფიქსირებული ყველაზე საშინელი გვალვის გამო მძიმედ დაზარალდა. აქ არ იყო წყალი შხაპის მისაღებად. ბანანის, წაბლისა და აკაის მოსავალი განადგურდა, რადგან ის ქალაქში გასაყიდად საკმარისად სწრაფად ვერ წაიღეს. ხელისუფლება ადგილობრივებს აფრთხილებს, რომ ქალაქისკენ ახლოს გადასახლდნენ, რადგან მათ დასახლებებამდე მისვლა სულ უფრო გართულდება.
BBC-ის გადამღები ჯგუფი შეეცადა ადგილობირივი მკვიდრის, ოლივეირას დახმარებით გაცნობოდა ბუნების გადასხვაფერებას.
“ჩემი 49-წლიანი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ამ მიდამოებში ასეთი ძლიერი გვალვის შესახებ გაგონილიც არ მაქვს“, – განაცხადა ოლივეირამ.
ამაზონის წვიმების სეზონი ოქტომბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა ცხელი და მშრალი ამინდი ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა. ეს ბუნებრივი მოვლენის, ელ-ნინიოს ციკლის შედეგია, რომელიც კლიმატის ცვლილებით არის გაძლიერებული.
ელ-ნინიო იწვევს წყლის ტემპერატურის მატებას წყნარ ოკეანეში. თბილი ჰაერის მასები იწევს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის მხარეს. წელს ჩრდილო ატლანტიკის წყლები ასევე არანორმალურად თბილი იყო და ამაზონის დაბლობი ცხელი, მშრალი ჰაერის მასებით იყო დაფარული.
“როდესაც პირველად იყო გვალვა, ვფიქრობდი, რომ ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო, მაგრამ წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება ტემპერატურა და ყოველი გვალვა წინაზე ძლიერია“, – ამბობს ფლავია კოსტა, ამაზონის კვლევის ეროვნული ინსტიტუტის ეკოლოგი, რომელიც 26 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა ამაზონის ტყეებში.
მისი თქმით, ჯერ ადრეა ზარალის დათვლა, მაგრამ მისმა ჯგუფმა უკვე აღმოაჩინა რამდენიმე სახეობის მცენარე, რომელსაც კვდომის ნიშნები აქვს. მითუმეტეს, რომ წინა წლების გვალვებმა არაერთი მაგალითი დაგვიტოვა – მაგალითად, 2015 წელს “გოძილას გვალვამ“ 2.5 მლრდ ხე და მცენარე გაანადგურა ტყის მხოლოდ ერთ ნაწილში. ის გვალვა არ იყო იმდენად მკაცრი, როგორც წლევანდელი.
“ამაზონმა შეწყვიტა ნახშირბადის ჩაძირვის ფუნქცია და ახლა ჩვენ ველით, რომ ეს გაგრძელდება, რაც ძალიან სამწუხაროა”, – ამბობს დოქტორი კოსტა.
საოცარი ბიომრავალფეროვნების გარდა, ამაზონის ტყეები დაახლოებით 150 მილიარდ ტონა ნახშირბადს ინახავს.