მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 მსჯავრდებული პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. აღნიშნულის მიზეზი მსჯავრდებულ გური მირცხულავასა და ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს. როგორც უფლებადამცველები აღნიშნავენ, მსჯავრდებულებისათვის გამოყოფილი ადგილი, რომელიც შუშით არის შემოღობილი, საკმარისი სივრცე არ არის 11 პირისთვის, თან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მათთან ერთად იმყოფებიან ესკორტის თანამშრომლებიც. შესაბამისად, უფლებადამცველების განმარტებით, მსჯავრდებულები ფიზიკურად ვერ ეტევიან აღნიშნულ სივრცეში და მათ მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა მოუწევთ.
„ისეთ სიმჭიდროვეში დგანან, ეს ორი საათის შემდეგ შეიძლება არაადამიანურ მოპყრობას გაუთანაბრდეს“, – განაცხადა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა.
როგორც ადვოკატები აღნიშნავდნენ, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია, დამსწრეთა რაოდენობა ბევრია, აღნიშნული დარბაზი ამ თვალსაზრისით კარგია, თუმცა, მსჯავრდებულებს მათთვის გამოყოფილი ადგილის სიმცირის გამო, მთელი დღის განმავლობაში ფეხზე დგომა მოუწევთ.
მოსამართლე თეა ლეონიძემ განმარტა, რომ შემდეგი სხდომიდან „სასამართლო შეეცდება გარკვეული ზომების მიღებას”.
მომდევნო სხდომის თარიღის ჩანიშვნისას, მოსამართლის ნათქვამს, იყო თუ არა 16 იანვარი მხარეებისთვის მისაღები, მსჯავრდებულებისა და მათი ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა. იუმორისტმა ონისე ცხადაძემ განაცხადა – „იანვარში გავდივართ ისედაც“.
ადვოკატებმა ასევე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს, რომ პროცესის საჯაროობა უზრუნველეყო. უფლებადამცველების თქმით, მედიასაშუალებებს გადაღებასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მიმართული აქვთ, თუმცა, პასუხი უწყებიდან ცნობილი არ არის. ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, იყოს შუამავალი იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, რათა ჟურნალისტებმა პროცესის გადაღება შეძლონ.
შემდეგი სასამართლო პროცესი 20 იანვარს, 12:00 საათზე ჩატარდება.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირი – ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ლუკა ჯაბუა, გურამ მირცხულავა, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა – ისინი ჯგუფურ ქმედებაში მონაწილეობისთვის ცნო დამნაშავედ.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა თითოეულ ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
დაკავებულ 11 პირს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი, რაც ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ითვალისწინებს. მოსამართლე გალუსტაშვილმა აღნიშნული ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლზე გადააკვალიფიცირა, რაც ჯგუფურ მოქმედებაში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს, რამაც საზოგადოებრივი წესრიგი დაარღვია.პროკურატურა მსჯავრდებულების დამნაშავედ ცნობას თავდაპირველად წარდგენილი მუხლით ითხოვს, დაცვის მხარე კი საერთოდ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.



