რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება, შერჩეულია მრავალძალი, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი იუწყება. მისივე თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადების ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას.
„ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება – საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, საქართველოში, კონკრეტულად რაჭაში, იწყება სრულიად ახალი კურორტის განვითარება – შერჩეულია მრავალძალი. ჩვენ გვქონდა დავალება პრემიერ-მინისტრისგან, ვაწარმოეთ არაერთი კვლევა, მოვიკვლიეთ სხვადასხვა ადგილები და შეირჩა მრავალძალი, როგორც ერთ-ერთი გამოკვეთილად საინტერესო მიმართულება, სადაც სახელმწიფო, კერძო სექტორთან ერთად, გეგმაზომიერად განახორციელებს კურორტის განვითარებას.
ჩვენი ამოცანაა, მრავალძალი იყოს ოთხსეზონიანი კურორტი, შესაბამისად მოხდება კურორტის დაგეგმარება. აღნიშნულ პროცესში ჩვენ პირველივე დღიდან ჩავრთავთ წამყვან საერთაშორისო კომპანიებს, რათა სწორად იყოს კურორტის კონცეფცია შერჩეული და შემდგომ მოხდეს მისი განვითარება. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ინვესტორებთან, რათა მათი ჩართულობით სწრაფად მოხდეს ინფრასტრუქტურული განვითარება. რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობა ექნება აღნიშნულ პროექტს რაჭისთვის. ინვესტიციების მოზიდვასთან ერთად გაიზრდება ტურისტული ნაკადები, იქნება ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის შესაძლებლობა და ეს ყველაფერი გააძლიერებს რაჭის ეკონომიკურ მდგომარეობას. ამასთანავე, იდენტიფიცირებულია სხარტალის ტერიტორია და ბეთლევის, ისევე როგორც შხივანას. ჩვენ ვუყურებთ აღნიშნულ მიმართულებებს დამატებითი საკურორტო ზონის შექმნის თვალსაზრისით და დარმწუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, შევძლებთ და ორ ახალ უმნიშვნელოვანეს მიმართულებას შევძენთ ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, გავაჩენთ ახალ მიზიდულობის წერტილებს”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ თითოეული კურორტი უნდა იყოს ოთხსეზონიანი და დაგეგმარებაც შესაბამისად განხორციელდება.ქვრივიშვილი ამბობს, რომ ახალი ტურისტულუ კერები ისე დაგეგმარდება, რომ კურორტები უპასუხებენ, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო მოგზაურების მოლოდინებს.
შეგახსენებთ, გუშინ შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. პრემიერ-მინისტრი რაჭაში ჩავიდა და რაჭის ტურისტულუი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე სწორედ იქ ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა, რომ , რაჭის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება. ირაკლი კობახიძემ ისიც თქვა, რომ ამ საკითხზე მთავრობა აქტიურად იმუშავებს პოტენციურ ინვესტორებთან. მთავრობა დაგეგმარების პროცესში განიხილავს უცხოური კომპანიების ჩართვასაც.