საქართველო მეთორმეტედ მასპინძლობს მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას „მტკიცე სული“ (Agile Spirit).
სწავლება კრწანისში, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) ოფიციალურად გაიხსნა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამწყობრო მოედანზე, საერთაშორისო წვრთნებში მონაწილე ქვეყნების სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაატა პატიაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის მე-7 არმიის წვრთნების სარდლობის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ტერი ტილისმა.
საქართველოში საერთაშორისო წვრთნებს ერთობლივად ხელმძღვანელობენ საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი უილიამ კოქსი.
Agile Spirit 2025 საქართველოსა და თურქეთში ტარდება. სწავლება თურქეთში, ადანას პროვინციასთან ახლოს
ამერიკულ-თურქული ერთობლივი საჰაერო სადესანტო ოპერაციით 21 ივლისს დაიწყო.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, Agile Spirit 2025-ში საქართველოს, აშშ-ის, თურქეთის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, პოლონეთის, გერმანიის, იტალიის, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, ბულგარეთის, სლოვაკეთის, ლიეტუვასა და უკრაინის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ. დამკვირვებლებად არიან წარმოდგენილი სომხეთისა და იაპონიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.
