„მრავალეროვანი საქართველო“ კატეგორიულად გმობს ძალადობას მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა პირზე, – ამის შესახებ „მრავალეროვანი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
საერთო სამოქალაქო მოძრაობა მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა.
„მრავალეროვანი საქართველო“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობისა და კანონდარღვევის თითოეული შემთხვევის სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება.
„საქართველოს მოქალაქეები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მშვიდობიანი ფორმით გამოხატავდნენ პროტესტს. აღნიშნული აქცია წარმოადგენს მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციური უფლების რეალიზაციას, რომლის უზრუნველყოფაც ხელისუფლების პირდაპირი ვალდებულებაა.
„მრავალეროვანი საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:
შეწყვიტოს აქციის მონაწილეთა მიმართ ძალის გამოყენება და მათი უკანონო დაკავება;
გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული პირები და უზრუნველყოს მათი უფლებების დაცვა;
ხელი შეუწყოს მედიის წარმომადგენლებს მიმდინარე მოვლენების ობიექტურად გაშუქებასა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში.
„მრავალეროვანი საქართველო“ ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ძალადობისა და კანონდარღვევის თითოეული შემთხვევის სწრაფი და სრულფასოვანი გამოძიება. აუცილებელია მოძალადე პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების გამოყენება.
მოქალაქეთა შეკრებისა და გამოხატვის უფლება, ისევე როგორც მედიის თავისუფლება, დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტური ღირებულებებია, რომელთა დაცვა სახელმწიფოს უმთავრეს პასუხისმგებლობას წარმოადგენს“,-აღნიშნულია განცხადებაში.