მრავალბინიანი კორპუსის გათბობის საერთო სისტემის ახალი რეგულაციის განმარტება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) რეგულაციით, რომელიც მრავალბინიან სახლში გათბობის საერთო სისტემას შეეხება, მიუხედავად იმისა თუ ვინ არის მრავალბინიანი გათბობის საერთო სისტემის – მფლობელ მომხმარებლად რეგისტრირებული – ფიზიკური, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა, გათბობის საერთო სისტემის მფლობელს მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადასახადი დაერიცხება საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მიზნით სარგებლობის წილის მიხედვით.
შესაბამისად, საყოფაცხოვრებო ტარიფი დაერიცხება მოხმარებული გაზის იმ ოდენობას, რომელიც საყოფაცხოვრებო მიზნით იქნება გამოყენებული.
აღნიშნული რეგულაცია არ შეეხება საცხოვრებელ ბინებში ინდივიდუალური (ე.წ. ცენტრალური) გათბობის სისტემებს.
მაგალითად, თუ გათბობის საერთო სისტემის საანგარიშსწორებო მრიცხველზე დაფიქსირდა 1000 კუბ.მ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო სისტემაზე დამონტაჟებული ინდივიდუალური ქვე-მრიცხველის მონაცემებით დასტურდება, რომ 80%-ის მოხმარება საყოფაცხოვრებო მიზნით მოხდა, ლიცენზიატი კომპანია ბუნებრივი გაზის საერთო მოხმარებიდან საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ წილს გამოითვლის და აღრიცხულ 1000 კუბ.მ-დან 800 კუბ.მ-ზე დარიცხვას განახორციელებს საყოფაცხოვრებო ტარიფით, ხოლო დარჩენილ 200 კუბ.მ-ზე – არასაყოფაცხოვრებო ტარიფით.
საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებული ბუნებრივი გაზის წილის დასადგენად, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობით მოსარგებლე პირთა თბოენერგიის (ცხელი წყლისა და გათბობის) მოხმარება აღირიცხებოდეს ინდივიდუალური ჭკვიანი მრიცხველების საშუალებით.
ასევე, საჭიროა, რომ ცენტრალური გათბობის საერთო სისტემა სარგებლობდეს განახლებადი ან/და ალტერნატიული წყაროთი, გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით. (აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება 2025 წლამდე ექსპლუატაციაში შესულ შენობა-ნაგებობებზე და იმ შენობა-ნაგებობებზე, რომელთა ძირითადი კონსტრუქციული სისტემის მოწყობა დასრულდება 2025 წლამდე).
გათბობის საერთო სისტემით სარგებლობის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სემეკის ვებგვერდზე: https://gnerc.org/ge/user-page/natural-gaz/tsentraluri-gatbobis-sistema