„მოხმარება მზარდია. იმისათვის, რომ გაზრდილი მოხმარება დავაბალანსოთ 100 მეგავატზე მეტია საჭირო“ – როგორი იყო 2024 წელი ენერგეტიკის სექტორისთვის

ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა კვლავ მზარდია. გამონაკლისი არც 2024 წელი იყო. როგორი იყო გასული წელი ენერგეტიკის სექტორისთვის? საკითხზე ,,კომერსანტის’’ წლის შემაჯამებელ ეთერში ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ისაუბრა. ნუგზარ ბერიძის განცხადებით, გაზრდილი მოთხოვნის სათანადო დაკმაყოფილება ვერ ხერხდება, მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ექსპლუატაციაში შევიდა ხობი ჰესი, რომელსაც დამატებით 44 მეგავატის სიმძლავრის გენერირება შეუძლია.
,,სახარბიელო მდგომარეობა არ გვაქვს, შეიძლება ითქვას. გასულ წელს ექსპლუატაციაში შევიდა ხობი ჰესი. ეს გახლავთ დაახლოებით 44 მეგავატის სიმძლავრის სადგური. რაც შეეხება მოხმარებას, შეიძლება ითქვას, რომ მოხმარება კვლავ მზარდია. მთლიანად ქვეყნის მასშტაბით იგი დაახლოებით 3%-ს შეადგენდა. იყო გარკვეული ექსცესური მომენტები, როგორიც არის მოხმარების ზრდა დაბალი და საშუალო ძაბვის მომხმარებლებში. ეს არის ძირითადად საშუალო და მცირე ბიზნესი. ჩვენი აზრით, ეს განპირობებული იყო ტურისტული ინფრასტრუქტურის სწრაფი ზრდით და ტურისტული სეზონის თავისებურებებით. იმისათვის, რომ გაზრდილი მოხმარება დავაბალანსოთ 100 მეგავატზე მეტია საჭირო. აქედან გამომდინარე ჩვენ გვეზრდება დეფიციტი და შესაბამისად იმპორტის ნაწილი ზრდადია. აქედან გამომდინარე ეს არ არის დადებითი მომენტი. ჩვენ უზარმაზარი განახლებადი რესურსები გვაქვს. მათ შორის ჰიდრო რესურსები, ქარისა და მზის. გენერაციის ობიექტების მშენებლობა არის აუცილებელი მიმართულება და ამ კუთხით მოქმედება უფრო გასააქტიურებელია. მოსახლეობაც გაცილებით უფრო უნდა უჭერდეს ამ მიმართულებით მხარს. რა თქმა უნდა, გარემოსდაცვითი მომენტები აუცილებლად დასაცავია. მშენებლობის ტემპების ზრდა შეუქცევადი პროცესია.’’- განაცხადა ,,კომერსანტის“ შემაჯამებელ ეთერში ნუგზარ ბერიძემ.
2024 წელს ამუშავდა ენერგეტიკული ბირჟა. ფაქტს ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორი დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ ბირჟა წარმატებით ჯერ ვერ ფუნქციონირებს. ნუგზარ ბერიძემ აღნიშნა, რომ საჭიროა ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია და ბირჟის გახსნა ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯია.
,,მნიშვნელოვანი მოვლენებიდან შეიძლება გამოვყოთ, ენერგეტიკული ბირჟის გახსნა. მართალი გითხრათ, მაინცდამაინც დიდი წარმატებით ფუნქციონირებას ვერ გავუსვამთ ხაზს, თუმცა მნიშვნელოვანი მომენტი იყო ის, რომ ეს მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი შევიდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია არის გენერალური მიმართულება, რომელსაც აუცილებლად სჭირდება ისეთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, როგორიც არის დღიური ბაზარი. იქ არის საბალანსო ბაზარი, საათობრივი ვაჭრობა და ა.შ. ეს პირველი ნაბიჯი იყო, რომელიც შემდგომ საშუალებას მოგვცემს უკვე 2025 წელს იყოს დაყრდნობილი ლიბერალიზაციის ამ ძირითად მომენტებზე. დასაწყისისთვის ძალიან კარგი იყო.’’- აღნიშნა ნუგზარ ბერიძემ.
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა აღნიშნა, რომ 2024 წელს სწრაფი ტემპებით იზრდებოდა მიკრო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურების სიმძლავრეები. ნუგზარ ბერიძე მიესალმება იმ რეგულაციებს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად ჩადონ ინვესტიცია ელექტროენერგიის წარმოების საშუალებებში. მისივე თქმით, გასულ წელს მიკრო ჰიდროელექტროსადგურებში სიმძლავრეები გაორმაგდა, თუმცა მსხვილ ელექტროსადგურებში იგივე არ მომხდარა. 2024 წელს ელექტროენერგიის იმპორტის ნაწილში მცირედი ზრდა დაფიქსირდა. ექსპორტის ნაწილში კი მცირედი კლება.