მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გვარამიას გუნდს შეუერთდა

მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი, რომელმაც სპორტული კარიერა რამდენიმე თვის წინ დაასრულა, ს პოლიტიკურ გუნდ „ახალს“ შეუერთდა.
ნიკა გვარამიას თქმით, დათუნაშვილი მისი გუნდის ჩრდილოვანი კაბინეტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრია. შესაბამისად, გამარჯვების შემთხვევაში, მინისტრის პოსტს სწორედ ის დაიკავებს.
როგორც გვარამიამ ნეტგაზეთს განუცხადა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კვლავ უნდა გამოეყოს კულტურის სამინისტროს.
საქართველოსა და სერბეთის მოჭიდავეთა ნაკრების ყოფილმა წევრმა, ზურაბ დათუნაშვილმა 32 წლის ასაკში სპორტსმენის კარიერა გასული წლის მიწურულს დაასრულა.
“მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჭიდაობისთვის მაქვს მიძღვნილი. ჩემს კარიერაში იყო არაერთი დიდი გამარჯვება და ბევრი იმედგაცრუებაც. ჯერ კიდევ 21 წლის ასაკში შევძელი ჩემს პირველ ოლიმპიურ თამაშებზე მოხვედრა და მცირე ასაკში ავისრულე ყველა სპორტსმენის მთავარი ოცნება. ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგაც ჩემი მთავარი მიზანი პარიზის 2024 წლის ოლიმპიადა იყო და მისთვის მზადების პროცესში ვიყავი. თუმცა საზოგადოების ნაწილისთვის ცნობილია, რომ გასულ ზაფხულს შემექმნა ჯანმრთელობის პრობლემა და დამჭირდა სასწრაფო ოპერაციაც. სამწუხაროდ, პარიზის ოლიმპიადამდე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვეღარ ვასწრებ ფორმის აღდგენას და 32 წლის ასაკში მიწევს, აქტიური სპორტსმენის კარიერა დავასრულო”, – წერს ზურაბ დათუნაშვილი.
ზურაბ დათუნაშვილი წლების წინ იძულებული გახდა, საქართველოს ჭიდაობის ნაკრები მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძეს დაუპირისპირდა. მას გეგეშიძემ სახის არეში გაურკვეველი საგანი ჩაარტყა, რაც ვიდეოკამერებმაც დააფიქსირეს.
2019 წლის 22 იანვარს თამაზ (გეგა) გეგეშიძე დააკავეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ნაკრების კაპიტნის, ზურაბ დათუნაშვილის მიმართ სპორტის სასახლეში ჩადენილი შესაძლო ძალადობის ფაქტზე, 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
24 იანვარს გამართულ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე ითხოვდა 5 000-ლარიანი გირაოს პატიმრობის უზრუნველყოფით და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის უფლებამოსილების შეჩერებას დროებითი ღონისძიების სახით, თუმცა საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა გეგეშიძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნა და მას მხოლოდ 5- ათასლარიანი გირაო შეუფარდა.
ზურაბ დათუნაშვილი ფედერაციის პრეზიდენტობიდან გეგა გეგეშიძის გადადგომას თვეების განმავლობაში ითხოვდა, თუმცა, უშედეგოდ. ზურაბ დათუნაშვილმა თქვა, რომ არ აპირებდა ნაკრების სახელით ჭიდაობას, სანამ გეგეშიძე ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე იქნებოდა.
დათუნაშვილმა კარიერა სერბეთში გააგრძელა. ის სერბეთის სახელით ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ასევე ოლიმპიური ბრინჯაო მოიპოვა. ის 2022 წელს სერბეთში წლის ყველაზე წარმატებულ სპორტსმენად დაასახელეს.