მოძრაობა „ხმის“ აქტივისტები აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფისში საპროტესტო აქციას ატარებენ. ისინი შენობის შესასვლელ ფოიეში, შიდა სივრცეში იმყოფებიან და სკანდირებენ – „შეჩერდეს გამოსახლება!“; „თავისუფლება [დაკავებულებს], გიორგის [ხასაია] და კაკოს [ჩიქობავა]!“.
როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, მათი მოთხოვნებია: ძალადობრივი გამოსახლებების შეჩერება და გუშინ, 23 იანვარს, კეკელიძეზე მიმდინარე გამოსახლებისას დაკავებული ორი პირის გათავისუფლება.
„ბრაზი, რომელიც გვქონდა ამ გამოსახლების ყურებისას, არ შეიძლება იყოს კრიმინალიზებული“, – განაცხადა მან.
დაკავებულები, რომელთა გათავისუფლებასაც „ხმის“ აქტივისტები ითხოვენ, ამავე მოძრაობის წევრები, გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა არიან.
განახლება: აქტივისტები, უწყების დაცვამ, ძალის გამოყენებით გაიყვანა გარეთ.
მოძრაობაში ამბობენ, რომ „სხვა დაკავებულებისგან განსხვავებით, პოლიცია მათ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავება- კერძოდ, აღსრულების პოლიციის ფანჯრის ჩამსხვრევას – და მათ მიმართ 3-დან 6 წლამდე პატიმრობით იმუქრება. [..] ჩვენ, მოძრაობა ხმა, განცხადებების გავრცელებით არ შემოვიფარგლებით, თუ ჩვენი ორივე წევრი არ გათავისუფლდება და მათ მიმართ დევნა არ შეწყდება. ისეთ ადგილებში დაგარტყამთ, სადაც ჯერ არ მოგხვედრიათ“.
აღსრულების პოლიციამ კეკელიძის პირველ ნომერში გამოსახლების პროცედურა დაახლოებით 11 საათიდან დაიწყო. ბინაში შესასვლელად აღსრულების თანამშრომლებმა კარი სპეციალური აღჭურვილობის გამოყენებით შეანგრიეს და იქ მყოფი ადამიანები გარეთ ძალის გამოყენებით გამოყარეს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ, ჯამში, 20 ადამიანი დააკავა.
გარეკანის ფოტოზე: © სქრინშოთი „მაუწყებლის“ პირდაპირი ეთერიდან