საქართველოში მოცვის კრეფის სეზონი 90%-ით დასრულებულია. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ “საქართველოს ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის” პრეზიდენტმა, თორნიკე ფანჯავიძემ ისაუბრა.
მისი თქმით, მიუხედავად სეზონის დაგვიანებისა და გაზაფხულზე კლიმატური გამოწვევებისა, შედეგები მთლიანობაში პოზიტიურად ფასდება.
„მოცვის სეზონი წელს ბევრად გვიან დაიწყო, რის გამოც წინა წლებთან შედარებით მაისში ექსპორტის მოცულობა დაბალი იყო. თუმცა ივლისში ექსპორტმა მკვეთრად იმატა, და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი მოცულობა 6,000 ტონას გადააჭარბებს”, – აღნიშნა ფანჯავიძემ.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს გვიანი ჯიშების კრეფა, ხოლო ძირითადი მოსავლის აღება პრაქტიკულად დასრულებულია.
“სტიქიური ზიანი რომ არ ყოფილიყო, წლევანდელი საექსპორტო მოცულობა 15-20%-ით მეტი იქნებოდა. მიუხედავად ამისა, შედეგები პოზიტიურია და ივლისში ექსპორტის მაჩვენებლები ორნიშნა ზრდით ჩაიწერება, როგორც რაოდენობრივი, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით“, – დასძინა ფანჯავიძემ.
ასოციაციის პრეზიდენტმა სახელმწიფო პროგრამების როლი სოფლის მეურნეობის განვითარებაში განსაკუთრებით გამოყო. მისი თქმით, პროექტები, როგორიცაა „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „დანერგე მომავალი“, კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტებია ინდუსტრიისთვის.
„ეს პროგრამები ფერმერებისთვის რეალური მხარდაჭერაა – განსაკუთრებით წელს, როცა სტიქიის შედეგად ბევრი მეწარმე დაზარალდა. სახელმწიფოს დახმარების გარეშე დღეს სოფლის მეურნეობის განვითარება პრაქტიკულად წარმოუდგენელია“, – ამბობს ფანჯავიძე.
მისივე თქმით, საქართველო წარმატებით ინარჩუნებს პოზიციას საექსპორტო ბაზრებზე, და უკვე შეინიშნება ახალი ქვეყნების დაინტერესება ქართული მოცვით — მათ შორის მალაიზია, ტაილანდი, ბრაზილია და სხვა.
„ქართული მოცვი საერთაშორისო ბაზრებზე მაღალი ხარისხით და სეზონურობით გამოირჩევა. მნიშვნელოვანია ლოგისტიკის გაუმჯობესება და ბაზრების დივერსიფიცირება, რაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობის პირობებში სრულიად რეალისტურია“, – აღნიშნა ასოციაციის პრეზიდენტმა.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ მოცვის ექსპორტიდან $30.2 მილიონი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.1%-ით ზრდას ნიშნავს. საქსტატის მონაცემებით, გასაყიდად გატანილი მოცვის რაოდენობა 4 392 ტონას აღწევს, მაშინ როცა 2024 წლის 6 თვეში ეს მაჩვენებელი 3 953 ტონა იყო ($23.5 მლნ).
