მაღაროელების ცნობით, მოშიმშილე ტარიელ მიქაცაძის შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე დაეცა.
ტარიელ მიქაძე მშრალ შიმშილობაზე იმყოფება და ის დღეს შეუძლოდ გახდა. მისთვის სასწრაფო დახმარება ორჯერ გამოიძახეს, თუმცა ტარიელ მიქაცაძე უარს ამბობს ნებისმიერი სახის მკურნალობაზე.
„საპროტესტო აქციაზე, რომელიც უკვე 125 დღეა გრძელდება, ხოლო შიმშილობა 15 დღეა მიმდინარეობს, დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე — ტარიელ მიქაცაძე — შეუძლოდ გახდა. მან უარი განაცხადა სასწრაფო დახმარების გამოძახებაზე და ნებისმიერი სახის მკურნალობაზე. მიუხედავად ამისა, მდგომარეობის სიმძიმის გამო, სასწრაფო დახმარების გამოძახება ორჯერ გახდა საჭირო.
შეგახსენებთ, რომ ტარიელ მიქაცაძე იმყოფება მშრალ შიმშილობაზე — იგი არ იღებს არც წყალს, არც გლუკოზას. მისი შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე — 2.1-მდე (მმოლ/ლ) დაეცა“, – ვკითხულობთ მაღაროელთა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
მაღაროელების ცნობით, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა პირამოკერილი მირზა ლოლაძეც.
„პროტესტმა კიდევ უფრო მკაცრი ფორმა მიიღო. მირზა ლოლაძემ, რომელსაც პირი ამოკერილი აქვს პროტესტის ნიშნად, მშრალი შიმშილობა დაიწყო. მას მთელი დღის განმავლობაში სითხე არ მიუღია, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა და შაქრის დონეც დაეცა.
პროტესტის და შიმშილობის მთავარი მოთხოვნაა ოთხი უსამართლოდ დაკავებული ჩვენი თანამებრძოლის გათავისუფლება. შეგახსენებთ, რომ მათი სასამართლო პროცესი 17 ივლისს არის ჩანიშნული“, – ვკითხულობთ მაღაროელთა Facebook-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე დღე და შიმშილობის მე-15 დღეა. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენტთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმენტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა დიდი ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
პროტესტის ლიდერთა ნაწილი – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი 29 აპრილს დააკავეს. სარალიძესა და ნეფარიძეს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, ხოლო ჭუმბურიძესა და გველესიანს – მასში მონაწილეობას.
