მოშიმშილე მაღაროელი, ტარიელ მიქაცაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც უკვე 16 დღეა შიმშილობს, მათ შორის, ბოლო 3 დღე მშრალ შიმშილობაზეა, საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მაღარელთა საინიციატივო ჯგუფის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ის, ფაქტობრივად, უგონო მდგომაროებაში შეიყვანეს კლინიკაში.
დღეს საავადმყოფოში გადაიყვანეს კიდევ ერთი მოშიმშლე მაღაროელი, მირზა ლოლაძე. მას პროტესტის ნიშნად პირი აქვს ამოკერილი. ის, ისევე როგორც ტარიელ მიქაცაძე, უარს აცხადებს ყველანაირი მედიკამენტის და სითხის მიღებაზე.
ტარიელ მიქაცაძე შეუძლოდ გახდა გუშინ, 3 ივლისსაც. სასწრაფო დამხარება მისთვისაც გუშინაც გამოიძახეს. ექიმების თქმით, მიქაცაძის ორგანიზმში შაქრის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე იყო დაცემული. თუმცა, გუშინ მან უარი თქვა სამედიცინო ჩარევაზე.
ჭიათურაში უწყვეტი საპროტესტო აქციის 127-ე დღე და შიმშილობის მე-16 დღეა. ამ დროისთვის 7 ადამიანი შიმშილობს, 3 მათგანს პირი აქვს ამოკერილი.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. მოგვიანებით გაიკრვა, რომ კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდიდა და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებდა. ამას მაღაროელთა პროტესტი მოჰყვა, რომელიც უკვე 4 თვეზე მეტია გრძელდება. ისინი პერიოდულად ჭიათურიდან დედაქალაქში ჩამოდიან და ითხოვენ შეხვედრას ჯანდაცვვის მინისტრთან, აწყობენ აქციებს პარლამენთან და მთავრობის ადმინისტრაციასთან, თუმცა – უშედეგოდ.
24 აპრილს მაღაროელებმა დამსაქმებლისგან მიიღეს ერთგვარი შეთავაზება, რომელიც ეხება კომპანია “ჯორჯიან მანგანეზში” რეორგანიზაციის პროცესსა და მუშაობის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივებს. დოკუმნეტში, რომელიც სულ 7 პუნქტისგან შედგება, წერია, რომ დასაქმებულები ინფორმირებული არიან რეორგანიზაციის შემდეგ არსებული საშტატო ნუსხის, ვაკანტური ადგილების, სამუშაო განაკვეთის, ანაზღაურებისა და სხვა დეტალების შესახებ და ზოგადად, აქვთ პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. თუმცა მაღაროელები ამბობენ, რომ გარდა შაბლონური განცხადებისა, რომელზე ხელმოწერისკენაც მოუწოდებენ, არანაირი განმარტებები არ მიუღიათ.
შესაბამისი განცხადებები თანამშრომლებს “ჯორჯიან მანგანეზმა” მას შემდეგ გაუგზავნა, რაც კომპანიის მმართველი კომპანია CMC მაღაროში მუშაობის აღდგენას დაჰპირდა, თუმცა, გარკვეული პირობებით: კომპანიამ გადაჭრით მოითხოვა პროტესტის, პიკეტირების შეწყვეტა და მის ხედვაზე დამორჩილება.
მაღაროელთა დიდი ნაწილი არ თანხმდება დამსაქმებლის ამ პირობებს და აგრძელებს პროტესტს. მათი შეფასებით, დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერასაც “ჯორჯიან მანგანეზის” მმართველი კომპანია CMC სთავაზობს, მთლიანად დამსაქმებლის ინტერესებზეა მორგებული და არ ითვალისწინებს დასაქმებულთა საჭიროებებს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ჭიათურის მოსახლეობის 60.6 % სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული, რაც იმერეთის რეგიონის საშუალო მონაცემს – 41.2 %-ს, მკვეთრად აღემატება. მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მესამედი – 33.6 %, საარსებო შემწეობის მიმღებია, რაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის შემდეგ, იმერეთში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.