პროტესტის მონაწილე თემურ ქათამაძე, რომელიც 30-ე დღეა შიმშილობს, კლინიკიდან ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში გადაიყვანეს.
ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ქათამაძის უფლებადამცველმა, საია-ს იურისტმა მარიამ გაბროშვილმა განუცხადა.
როგორც გაბროშვილმა განმარტა, ქათამაძეს კლინიკაში გამოკვლევები და გადასხმები ჩაუტარდა.
„თემურ ქათამაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ ის უკვე 30-ე დღეა იმყოფება სრულ შიმშილობაზე. შიმშილობის ამ ვადის გათვალისწინებით მას აღენიშნება წონაში კლება, რასაც თან ახლავს სისუსტე, თუმცა, თავს მაინც მხნედ გრძნობს. მან ამ პერიოდის განმავლობაში ორჯერ განაცხადა უარი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე, თუმცა, დათანხმდა დღეს და მისი თანხმობის შესაბამისად გადაიყვანეს კლინიკა „ჰელსიკორში“, სადაც ჩაუტარდა გამოკვლევები, გადასხმები და რამდენიმე საათის შემდეგ დააბრუნეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების ცენტრში, რადგან ექიმების განმარტებით არ საჭიროებდა დამატებით ჰოსპიტალიზაციას”, – განუცხადა მარიამ გაბროშვილმა “ინტერპრესნიუსს”.
