ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ ევროკავშირმა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიმართ პოლიტიკური განცხადებები და გაფრთხილებები ამოწურა და ახლა მტკივნეული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
მისი თქმით, დროა ევროკავშირი მოქმედებაზე გადავიდეს და საქართველოს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
ამის შესახებ მან „ევროსკოპთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველო იქცა პოლიტიკური პატიმრების ქვეყნად. საქართველოს არსებულ მთავრობას არ მიჰყავს ქვეყანა ცივილიზებული სამყაროსკენ. ვერ ვხედავ დღევანდელ საქართველოს ევროკავშირში. ვერ ვხედავ ვერანაირ არგუმენტს, თუ რატომ არიან პოლიტიკური ლიდერები ციხეში. მთავრობა კვლავ ცდილობს ერთგვარ დიალოგს ევროკავშირთან. არავითარ შემთხვევაში. ეს საპირისპირო მიმართულებაა, რომელიც რუსეთისა და ბელარუსისკენ მიდის. წარმატებები ამაში.
მე ვფიქრობ, პოლიტიკური განცხადებების პოტენციალი ამოვწურეთ. მთავრობის მიმართ ყველანაირი გაფრთხილებები დავასრულეთ. ახლა მოქმედების დროა. ვწუხვარ, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ზოგიერთი ქმედება ძალიან მტკივნეული იქნება და შეეხება არა მხოლოდ მთავრობის წარმომადგენლებს, მათ, ვინც დასავლეთს აკრიტიკებს, არამედ ხალხსაც. მაგალითად, უვიზო რეჟიმზე, ჩვენ უნდა მივიღოთ ზომები. ევროკავშირის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები უვიზო მიმოსვლა გარკვეული პერიოდით შეჩერების საშუალებას იძლევა. ვფიქრობ, რომ დროა. „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსებისთვის ყველა ნიღაბი ჩამოხსნილია, ვიცით ვისთან გვაქვს საქმე. ამიტომაც მოქმედების დროა და ვერც ერთი სიტყვა ვერ შეცვლის სიტუაციას“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
