მოქალაქე ანი ახალკაცი წერს, რომ ტროტუარზე დგომის გამო სასამართლოში დაიბარეს. საქმე ეხება “ქართული ოცნების” მიერ დამტკიცებულ რეპრესიულ კანონს, რომელიც არა მხოლოდ სამანქანო გზაზე, არამედ ტროტუარზე დგომასაც კრძალავს.
კანონის ამოქმედებიდან – 12 დეკემბრიდან – დღემდე, ეს არის საჯაროდ გავრცელებული პირველი შემთხვევა, როცა ტროტუარზე დოგმისთვის მოქალაქეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეუდგინეს და სასამართლოში დაიბარეს. “ოცნების” რეპრესიული კანონი ითვალისწინებს 15 დღემდე პატიმრობას (ორგანიზატორის შემთხვევაში 20 დღემდე ვადით), გამეორების შემთხვევაში კი – სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, ერთ წლამდე პატიმრობით ისჯება.
“დაიწყო დაშინებისა და რეპრესიების ახალი ტალღა. დღეს დამირეკეს საქალაქო სასამართლოდან და მედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 ნაწილის დარღვევას 2025 წლის 17 დეკემბერს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე ტროტუარზე დგომით შემიქმნია დაბრკოლება/შეფერხება ხალხისთვის, რითაც დაირღვა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის ე ქვეპუნტის მოთხოვნები. ეს არის პირველი პრეცედენტი, ჯერ აქამდე ასეთი ფაქტი არ მომხდარა, არ ვიცი რა აქვთ ჩაფიქრებული. მოკლედ, 25 დეკემბერს 11 საათზე ჩამინიშნეს პროცესი მოსამართლე ზვიად ცეკვავასთან, 41-ე დარბაზში (რა სიმბოლურია) ბრძოლა გრძელდება. ამ უსუსური ქმედებებით ვერ დაგვაშინებენ და ვერც შეგვაჩერებენ. ჩვენ მაინც ვიბრძოლებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – წერს ანა ახალკაცი სოციალურ ქსელში.
ახალკაცის წინააღმდეგ შსს-ის მტკიცებულებებს შორისაა 112-ის ვიდეო-სამეთვალყურეიო კამერის დათვალიერების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს პოლიციის მაიორი გიგა ბატკუაშვილი.
“ვიდეოში ფიქსირდება მოქალაქე, რომელიც 20:35 საათზე დგას ტროტუარზე და დაბრკოლებას უქმნის ხალხის გადაადგილებას”, – წერს ბატკუაშვილი დათვალიერების ოქმში.
შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონში ბოლოს შეტანილი ცვლილებებით, ხალხის სავალ ადგილას“ შეკრების ან მანიფესტაციის გამართვამდე 5 დღით ადრე სავალდებულო ხდება შსს-ს გაფრთხილება. თუ შსს გადაწყვეტს, უფლებამოსილება ექნება, რომ აქციის მონაწილეებს ალტერნატიული დრო და ადგილი შესთავაზოს. ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, პირველივე ჯერზე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ პლენარულ სესიაზე მოხსენების დროს განაცხადა, რომ კანონის გამკაცრება უკავშირდება საპროტესტო აქციებს, რომელიც თბილისში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” პარლამენტში კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილეს.
მისი ავტორები არიან: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი.




