მოქალაქე დათა კუპრავა, რომელსაც დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს, აპირებს, რომ დეპუტატის წინააღმდეგ ცრუ დასმენისთვის იჩივლოს.
ამის შესახებ დათა კუპრავამ დღეს, 5 ივნისს, სასამართლოში გამოკითხვის შემდეგ, „ფორმულასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც დათა კუპრავა აცხადებს, მას სასამართლოში მაგისტრ მოსამართლესთან დაკითხვისას ისეთივე აბსურდული კითხვები დაუსვეს, როგორი აბსურდული ბრალდებაც ნინო წილოსანზე ადევნებაა.
„ეს საქმე არ არის მხოლოდ ერთი პიროვნების, დათა კუპრავას წინააღმდეგ მიმართული. ეს არის დაშინების ის კამპანია, რომელსაც უკვე დიდია ხანია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ახორციელებენ. ახლა უკვე ათმაგი ძალით ახორციელებენ დაშინებას იმ ადამიანების მიმართ, ვინც სამართლიან პროტესტს გამოვხატავთ.
ეს იყო ნინო წილოსანის მხრიდან, არამარტო მისი მხრიდან იმის შეხსენება მოქალაქეებისთვის, რომ „კიდევ ერთხელ თუ არ მომცემთ თავისუფლად გადაადგილების საშუალებას, კიდევ ერთხელ ვინმე გაბედავთ და ყავას მშვიდად არ დამალევინებთ, თითოეული თქვენგანი დაისჯება!“.
ნინო წილოსანს უნდა ახსოვდეს, რომ თავისუფალ ქვეყანაში დაბადებულ ადამიანებს მისი პოლიციელების, სასამართლოსი და არაფრის არ გვეშინია, როცა სასწორზე გვიდევს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრიანებისთვის უდიდესი საფრთხე და რუსეთისკენ წასვლის უდიდესი შანსი. ამიტომ ჩვენ ამას არ დავუშვებთ, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს“, — განაცხადა დათა კუპრავამ.
როგორც დათა კუპრავა ამბობს, ამ საქმის გარშემო მტკიცებულებები არ არსებობს და ნორმალურ სამართლებრივ სახელმწიფოში, მისი დღევანდელი ჩვენების შემდეგ, დღესვე უნდა დაიხუროს.
„მე აქეთ ვაპირებ, რომ განცხადება შევიტანო პოლიციასა და პროკურატურაში იმაზე, რომ მან ცრუ ბრალდებით ცრუ დასმენა განახორციელა ჩემ წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მე არანაირი იმედი არ მაქვს იმის, რომ ნინო წილოსანს ვინმე დასჯის ან საყვედურს მაინც ეტყვის, დაკითხვიდან დაკითხვაზე მაინც ვატარებ და ნერვებს მაინც მოვუშლი“, — განაცხადა დათა კუპრავამ.
რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატი ნინო წილოსანი ადევნებაში ადანაშაულებს მოქალაქე დათა კუპრავას, რომელმაც მას მოღალატე დაუძახა და მანქანით დაუსიგნალა.
დეპუტატის განცხადებაზე მყისიერი იყო შსს-ს რეაგირება, მალევე გამოკითხეს კიდეც. როგორც წილოსანი ირწმუნება, „ადევნების გამო“ იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალა.