სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა საბა ბაღდავაძეს. ეს ის ადამიანია, რომელმაც 23 მაისს, პარლამენტის წინ, ზუგდიდელი აქტივისტი ქალების, მარიამ სიჭინავასა და კერენ ესებუას სოლიდარობის ნიშნად ფეიერვერკი გაუშვა.
ბაღდავაძე მომხდარიდან რამდენიმე საათში, აქციიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე დააკავეს. მისი ადვოკატის, ნატა ახალაძის ინფორმაციით, მას მეტროთი გაჰყვა ორი პოლიციელი, რამდენიმე ეკიპაჟი კი მანქანით. საბოლოოდ ის სახლთან ახლოს დააკავეს და იზოლატორში გადაიყვანეს. როგორც ახალაძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას ამბობს, პოლიციელებმა სხდომაზე ეს იმით ახსნეს, რომ არ უნდოდათ დაძაბულობის გამოწვევა უშუალოდ აქციაზე.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ბაღდავაძეს 4 მუხლის დარღვევას ედავებოდა – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას, პოლიციელის შეურაცხყოფას, აქციაზე სახის დაფარვას და პიროტექნიკის გამოყენებას.
ბაღდავაძე აქედან მხოლოდ ორს აღიარებს – ნიღბის ტარებას და ფეიერვერკის სროლას, დანარჩენ ორს კი – არა. ის ამბობს, რომ პოლიციელებისთვის არც შეურაცხყოფა მიუყენებია და არც წინააღმდეგობა გაუწევია – როგორც მიუთითეს, უთხრა სახელი და გვარი და წარუდგინა საბუთები. თუმცა, მაინც დააკავეს და თითქმის 48 საათის განმავლობაში იზოლატორში ჰყავდათ.
ბაღდავაძის ადვოკატის შეფასებით, მისი დაკავება უკანონო იყო. გარდა ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა სხდომის გადადებაზე, რათა შესაძლებლობა ჰქონოდა, მოეძიებინათ მტკიცებულებები და ჩამოეყალიბებინათ საპასუხო პოზიცია. სხდომა კვირა დღეს, მოულოდნელად ჩაინიშნა. თუმცა, მოსამართლემ ჩათვალა, რომ დაცვის მხარეს საკმარისი დრო ჰქონდა მტკიცებულებების წარსადგენად, ასევე შსს-ს მტკიცებულებების გასაცნობად.
როგორ ბაღდავაძე ამბობს, მისი დაკავების ადგილი ერთ-ერთი სუპერმარკეტის სამეთვალყურეო კამერების არეალშია და ამ ჩანაწერებზე გამოჩნდებოდა, გაუწია თუ არა მან წინააღმდეგობა პოლიციელებს. თუმცა, მოსამართლემ მან ამ ჩანაწერის წარმოდგენის შესაძლებლობა არ მისცა.
შსს-ს წარმოდგენილი ჰყავდა სამი მოწმე პოლიციელი. როგორც ნატა ახალაძე განმარტავს, მხოლოდ დამკავებელი და ოქმის შემდგენი პოლიციელების ჩვენებით მოქალაქის სამართალდარღვევად ცნობა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტს. თუმცა, მოსამართლემ არც ეს პრაქტიკა გაითვალისწინა და ბაღდავაძე ოთხივე მუხლით სამართალდამრღვეად ცნო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს იურისტმა, თამთა ქიმბარიშვილი ბაღდავაძისთვის პატიმრობის შეფარდება მითხოვა. ეს ის იურისტია, რომელიც ითხოვდა “კოალიცია ცვლილებებისთვის” პრესსამსახურის თანამშრომელი ქალებისთვის, ანა ყურაშვილისა და მირანდა ბაღათურიასთვის პატიმრობის შეფარდებას. სანქცირებულმა მოსამართლემ, მანუჩარ ცაცუამ შსს-ს წარმომადგენლის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ბაღდავაძეს 30-დღიანი პატიმრობა განუსაზღვრა.
მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა ზუგდიდის უწყვეტი აქციების გამორჩეული ლიდერები არიან. ისინი არაერთხელ დააჯარიმეს რეპრესიული კანონების დემონსტრაციული წინააღმდეგობისთვის. მათ შორის, აქციაზე ფეიერვერკის გაშვებისთვის.
ბოლოს ისინი 4000 და 3500 ლარით დაჯარიმდნენ “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ზარქუას შეურაცხყოფის საფუძვლით. აქტივისტ ქალებს შეურაცხყოფა თავად ზარქუამ და მისმა თანმხლებმა, სოსო ქუხილავამ მიაყენეს. უფრო მეტიც, ქუხილავა კერენ ესებუას ფიზიკურადაც შეეხო, ხელზეც დაარტყა, რის შემდეგაც მას ტელეფონი დაუვარდა და დაიმტვრა.
მარიამი და კერენი ამბობენ, რომ ირაკლი ზარქუას ნამდვილად დასცინოდნენ, მაგრამ სიტყვიერი შეურაცხყოფა, პირველი სწორედ ზარქუამ და მისმა თანმხლებმა პირმა დაიწყეს.
საქმე ეხება ზუგდიდში, 20 მაისს მომხდარ ინციდენტს – ზუგდიდის ერთ-ერთ სასტუმროში ირაკლი ზარქუას აქტივისტები დახვდნენ. მას სასტუმროს დატოვება აქტივისტების შეძახილის ფონზე მოუწია.
სწორედ სიჭნავას და ესებუას სოლიდარობის ნიშად გაუშვა ბაღდავაძემ ფეიერვერკი 23 მაისის აქციაზე. ამავე დღეს, პარლამენტთან გაჩნდა მათი მხარდამჭერი წარწერები.
