ქალაქ ფოთში მცხოვრები ვლადიმერ ამბალია აცხადებს, რომ ფოთის მერთან, ბექა ვაჭარაძესთან დაახლოებული პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, ფიზიკური ანგარიშსწორება სოციალურ ქსელში კრიტიკული შინაარსის პოსტებისა და ვიდეოების გამოქვეყნებას უკავშირდება, სადაც ამბალია ღიად აკრიტიკებს ფოთის მერიასა და ადგილობრივ ხელისუფლებას.
ფიზიკური ანგარიშსწორების ამსახველი ვიდეოკადრები თავდაპირველად ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ ვლადიმერ ამბალიას კუთვნილ ავტოსამრეცხაოსთან ჩერდება ავტომობილი, საიდანაც ხუთი კაცი გადმოდის და მიდის სკამზე მჯდომ ამბალიასთან. რამდენიმე წამში საუბარი შელაპარაკებაში გადაიზრდება.
„ხან შუქი არაა, ხან წყალი არაა, ქალაქშიც ბევრი პრობლემა ვნახეთ და არასამართლიან თემებზე გავაკეთეთ რეპორტაჟები და სოციალურ ქსელში გავავრცელეთ. რაც ითქვა სიმართლე ითქვა, ამ ჩვენს რეპორტაჟებს მოჰყვა რეაგირება, ანუ თავდასხმა. ხუთმა კაცმა მცემა კამერების წინ, რა ვუწოდო ამას? პოლიციიდან 100 მეტრის რადიუსში მოვიდნენ და კამერების წინ მცემეს…“, – ამბობს ამბალია.
„ტვ პირველის“ ცნობით, იდენტიფიცირებულია ინციდენტში მონაწილე სამი პირი – ლაშა გვალია, ლაშა ყურუა და დავით თავაძე. ვლადიმერ ამბალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხუთივე თავდამხმელი ბექა ვაჭარაძის მეგობარია.
ვიდეოები, სადაც ამბალია, ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას აკრიტიკებს, ფეისბუქგვერდ – ფოთი ჩემი ხმაზე ქვეყნდება. ის ამ ვიდეოებში გამოთქვამს უკმაყოფილებას, რომ ქალაქი არასწორად ვითარდება, იყენებს შეურაცხმყოფელ სიტყვებსაც და გამოთქვამს ეჭვებს, რომ ქალაქში მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვისაა კეთილდღეობა უზრუნველყოფილი.
ამბალიას თქმით, მასზე თავდასხმა ორი დღის წინ ღამით მოხდა, რაც ვიდეოსათვალთვალო კამერებმაც აღბეჭდა.
„მერს რატომ ეძახი ასფალტოვიჩსო – ეს მითხრეს მოსვლისთანავე… ფოთშიასფალტები იგება ითხრება დ ამერზე რამეს თუ იტყვი ცუდად, დაუნახავი ხარ, ისე იყო ასფალტზე ჩაციკლული, რომ დავარქვით ასფალტოვიჩი და თურმე წყინს“, – ეუბნება რადიო თავისუფლებას ამბალია.
ის საქართველოში ესპანეთიდან ერთი წელია ჩამოვიდა, ოთხი წლის განმავლობაში წასული იყო. ქვეყნის დატოვებამდე გაუგებრობა ჰქონდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან, მალთაყვის სანაპიროს ფესტივალთან დაკავშირებით, რომელიც ვლადიმერ ამბალიამ მერიასთან თანამშრომლობით ფოთში ჩაატარა.
ამბალიას თქმით, მან მიმართა შსს-ს და გამოძიების დაწყება მოითხოვა, ჩაიტარა დაზიანებების ექსპერტიზა და მერის წინააღმდეგ ჩვენებაც მისცა.
რადიო თავისუფლებამ სცადა ფოთის მერთან ბექა ვაჭარაძესთან დაკავშირება. ვაჭარაძე რადიო თავისუფლების არც შეტყობინებას პასუხობს და არც ზარებს. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.
შსს-ში განაცხადეს, რომ გაარკვევენ, დაიწყო თუ არა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება.
