მოქალაქე ამბობს, რომ აეროპორტში ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ დააკავეს

მოქალაქე მარიამ ციციკაშვილის თქმით, “ხალხის ძალის” დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან შეკამათების შემდეგ პოლიციამ აეროპორტში, წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავა, შემდეგ კი სასამართლო პროცესიც გაიმართა. შემთხვევა გუშინ, 9 ივნისს დილით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოხდა.
შემთხვევის ამსახველ ვიდეოს იგი ფეისბუქზე ავრცელებს და წერს, რომ პასპორტი ჩამოართვეს და გამგზავრების უფლება არც მის თანმხლებ მეგობარს არ მისცეს.
ვიდეოში ისმის, როგორ მიმართავს დეპუტატი მას სიტყვებით: “თავხედი ხარ და გაუზრდელი”, ციციკაშვილი კი ჯაფარიძის თანმხლებ ქალს ეუბნება: “თქვენ ხართ იმ ადამიანის გვერდით, ვინც საქართველოს დემოკრატია დაასამარა, სამჯერ თუ ოთხჯერ [ღილაკზე] თითის მიჭერით, საქართველოს ევროპული მომავალს უთხრა უარი. უნდა შეგრცხვეთ ყველგან”.
რადიო თავისუფლებასთან საუბარში მარიამ ციციკაშვილი იხსენებს, რომ 9 ივნისს, გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, მეგობართან ერთად საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, რა დროსაც აეროპორტის გასაფრენ სივრცეში ვიქტორ ჯაფარიძე შენიშნა. მისივე სიტყვებით, მან დეპუტატს უთხრა, რომ გულდაწყვეტილი იყო [“აგენტების კანონის” მხარდაჭერაზე] მისი გადაწყვეტილების გამო და რომ ამით საქართველოს დემოკრატიულ მომავალს საფრთხე შეექმნა და ფაქტობრივად, დასამარდა.
“საუბარში ჩაერთნენ თანმხლები პირები, ამას შელაპარაკება და პასუხები მოჰყვა. ინციდენტი 3-5 წუთს გაგრძელდა, მალევე ამოიწურა, რა დროსაც მე განმეორებით ვაფიქსირებდი ჩემს პოზიციას.
ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, უცაბედად გაჩნდა პოლიციელი, რომელიც ნანახი არ გვყავდა. გვითხრა, რომ საჩივარი იყო დაწერილი და პასპორტები უნდა მიგვეცა, შემდეგ ერთი საათის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ ჩვენ საზოგადოებრივი წესრიგი დავარღვიეთ, არკვევდნენ რაღაცებს და ამიტომ არ გვიბრუნებდნენ პასპორტებს. შემდეგ მოვიდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი, რომელაც გვითხრა, რომ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი იყო და გვკითხა, სად ვმუშაობდით. ამ ერთსაათიანი გაურკვევლობის დროს არავის უკითხავს რა მოხდა და რატომ მოხდა”, – ჰყვება მარიამ ციციკაშვილი.
როგორც ის ამბობს, გამოკითხვების შემდეგ, იგი პოლიციამ ცალკე ოთხაში გაიყვანა და დაახლოებით, დილის 7 საათზე უთხრეს, რომ [ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის] 166-ე [წვრილმანი ხულიგნობა] მუხლით იყო დაკავებული.
მისივე თქმით, ადვოკატთან დაკავშირების საშუალება მისი მოთხოვნის შემდეგ მისცეს, რის შემდეგაც აეროპორტიდან, პირდაპირ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც პროცესი გაიმართა.
“სასამართლოზე პოლიციელმა აღნიშნა, რომ სხვა მოქალაქეებმაც დააფიქსირეს გასაფრენ დარბაზში, რომ “შეწუხდნენ”. ასევე აღნიშნა, რომ გაფრენას აპირებდა და ამიტომ დავაკავეთო. თუმცა ჩვენ არ გვინახავს იქ ადამიანი, რომლებიც პოლიციასთან მივიდნენ და უთხრეს, რომ შეწუხდნენ. რამდენიმე მოქალაქე ვნახეთ, რომლებმაც ვიქტორ ჯაფარიძეს უთხრეს, რომ მას ამის მოთმენა მოუწევდა მისი გადაწყვეტლების გამო”, – ამბობს ის და ამატებს, რომ სასამართლო პროცესი 19 ივნისისთვის გადაიდო, რომელზე დასწრებას თავადც გეგმავს.
მარიამ ციციკაშვილის თქმით, ინციდენტის შემდეგ მან და მისმა მეგობარმა უცხოეთში გამგზავრება მაინც შეძლეს.

ასევე დაგაინტერესებთ