გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ, აღიკვეთა მტაცებელი ფრინველების საქართველოდან უკანონოდ გაყვანის მცდელობის ფაქტი.
უწყების თქმით, მოქალაქე CITES-ის კონვენციით დაცული 9 მტაცებელი ფრინველის (გავაზებისა და სონღულების) ქვეყნიდან გაყვანას ცდილობდა. ჩამორთმეული მტაცებელი ფრინველები დროებით თბილისის ზოოლოგიურ პარკს გადაეცა. აღნიშნული სამართალდარღვევა თითოეულ ერთეულზე 4 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.
“გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის დანართებში შეტანილი სახეობების უკანონო ექსპორტის მცდელობის ფაქტი დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქალაქ ბათუმში, გონიოს მიმდებარედ გამოავლინეს. მოქალაქე 9 ერთეული მტაცებელი ფრინველის – გავაზებისა და სონღულების ტრანსპორტირებას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგულში განთავსებული სპეციალურად გაკეთებული ხის ყუთებით ახდენდა. მოქალაქემ ვერ წარმოადგინა ფრინველების კანონიერად ფლობისა და ქვეყნიდან გაყვანის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, საერთაშორისო ვაჭრობის დარეგულირებისა და სახეობათა გადაშენების შეუქცევადი პროცესის თავიდან აცილების მიზნით მიღებულ CITES-ის კონვენციას საქართველო 1996 წლიდან შეუერთდა.
