რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტი Ekho Kavkaza წერს, რომ ისტორიის ტესტებიდან, რომელიც უცხოელებმა უნდა ჩააბარონ საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად, ამოღებულია კითხვები ყოფილი პრეზიდენტების – მიხეილ სააკაშვილისა და ედუარდ შევარდნაძის, ასვე 2003 წლის ვარდების რევოლუციის შესახებ.
ქართული ენის, საქართველოს ისტორიისა და კონსტიტუციური სამართლის საფუძვლების გამოცდის ახალი წესი 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. ახალი და ძველი ტესტები სახელმწიფო სერვისების სააგენტოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ძველი ტესტის მიხედვით, ერთ-ერთი კითხვა იყო, “დღეს რომელი სახელმწიფოს მიერაა საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებული? – რუსეთის, ისრაელის, ჩინეთისა თუ იაპონიის?” – ეს კითხვა ახალ ტესტში აღარ არის.
გარდა ამისა, ტესტიდან ამოღებულია კითხვა, “ჩამოთვლილთაგან რომელი სახელმწიფო არ აღიარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას – ნიკარაგუა, ნაურუ, ლიეტუვა თუ ვენესუელა”.
ტესტიდან ასევე ამოღებულია 3 კითხვა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მმართველობის შესახებ. ეს კითხვებია: “რომელ წელს მოხდა ქვეყანაში ვარდების რევოლუცია?, “ვინ იყო საქართველოს მესამე პრეზიდენტი?”, “ვინ მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების სათავეში?”.
ასევე, ახალ ტესტში აღარ არის კითხვა საქართველოს მეორე პრეზიდენტზე – ედუარდ შევარდნაძეზე და ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორზე – ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მანამდე, ტესტში იყო კითხა: “რომელი სახელმწიფოა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი – აშშ, სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა, ბრაზილია”.
ახალი ტესტის მიხედვით, მოქალაქეობის მსურველებს აღარ შეეკითხებიან: “სახელმწიფო მეთაურთაგან რომელს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება – იოსებ სტალინს, ლეხ კაჩინსკის, ვლადიმერ პუტინს თუ უგო ჩავესს?”. ტესტში აღარ იძებნება კითხვა: “რომელ წელს მოხდა საქართველო-რუსეთის ომი?”, თუმცა ახალ ტესტში ახლა ჩასმულია შემდეგი კითხვა: “რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველო წინააღმდეგ დაწყებული ომისას სოფელ შინდისთან გმირულად დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. რომელ წელს გაიმართა ეს ბრძოლა?”.
ახალ ტესტში გაჩნდა კითხვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს, 2014 წელს გაფორმდა.
საქართველოს ოფიციალურ უწყებებს ტესტის შინაარსში შეტანილ ცვლილებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.