თბილისის მერიის განცხადებით, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციის დროს მოქალაქეები თვითნებურად შეიჭრნენ შენობაში. მათი თქმით, ამან ხელი შეუშალა ვეტერინარების მუშაობას, შეიჭრნენ ისეთ ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყვნენ დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები.
“გვსურს, გამოვეხმაუროთ დედაქალაქში, ცხოველთა თავშესაფართან მიმდინარე აქციას, რა დროსაც მოქალაქეთა ჯგუფი შენობაში თვითნებურად შეიჭრა, ხელი შეუშალა თავშესაფრის ვეტერინარებს საქმიანობაში.
აქციის მონაწილეებს შორის იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა პროვოკაციის მოწყობას.
მოქალაქეთა ნაწილი ასევე, არ დაემორჩილა ადმინისტრაციის წარმომადგენლების მითითებებს, რომლებიც მზად იყვნენ, მათთვის კანონის ფარგლებში ეჩვენებინათ თავშესაფრის ტერიტორია და გაეცნოთ სამუშაო პროცესი.
მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეთა აგრესიული ჯგუფი შეიჭრა თავშესაფრის ისეთ ტერიტორიაზეც, სადაც განთავსებული არიან დაავადებული და დაკვირვების ქვეშ მყოფი ძაღლები, შესაბამისად, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებიდან გამომდინარე, იქ უცხო პირთა შესვლა აკრძალულია. უფრო მეტიც, მათ ვოლიერებიდან გამოიყვანეს დაავადებული ძაღლები, ასევე ცოფის ვირუსზე დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველები, რაც როგორც უსაფრთხოების ნორმების, ისე კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.” – წერს მერია.
უწყება აგრეთვე სრული პასუხისმგებლობით ამბობს, რომ თავშესაფარში ყველანაირი ნორმა დაცულია და იქ არ არსებობს კრემატორიუმი. ისინი აფრთხილებენ მოქალქეებს, რომ აღნიშნულ სამართალდარღვევას მოჰყვება რეაგირება.
“სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში დაცულია შესაბამისი სანიტარიული ნორმები, სამუშაო პროცესი მიმდინარეობს შინაგანაწესისა და კანონის სრული დაცვით. ასევე, თავშესაფრის ტერიტორიაზე არ არსებობს კრემატორიუმი, რომელსაც აქციის მონაწილეები ეძებდნენ.
მოვუწოდებთ მოქალაქეებს და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს, დაემორჩილონ კანონს, რადგან ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრა კანონდარღვევას წარმოადგენს, რომელსაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მზადაა, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი ნორმების დაცვით, თავშესაფრის ტერიტორია დაათვალიერებინოს და სამუშაო პროცესი გააცნოს.” – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობითვის, დღეს ცხოველთა დამცველები და აქტივისტები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მიკედლებული ძაღლების სანახავად მივიდნენ. მათ სოციალურ ქსელში გაავრცელეს ვიდეოები, სადაც საუბრობდნენ იმაზე, რომ თავშესაფარში არის ანტისანიტარია და ვეტერინარები შესაბამის ყურადღებას დროულად არ აქცევენ იქ მყოფ ძაღლებს.
ცხოველთა დამცველები: მოვითხოვთ წაყვანილი ცხოველების პირვანდელ ტერიტორიაზე დაბრუნებას
რამდენიმე კვირაა, ცხოველთა დამცველები აქციებს მართავენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ სურსათის ეროვნულ სააგენტოს უკანონოდ მიჰყავს სტერილიზებული და აცრილი ცხოველები და შემდეგ აღარ აბრუნებს პირვანდელ ადგილას.
აქტივისტების თქმით, სეს-ის და თავშესაფრების თანამშრომლები პირად საუბრებში ეუბნებიან, რომ მიუსაფარ ცხოველებს უკაცრიელ ადგილას ტოვებენ. მათ ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ “გატაცებულ ცხოველებს” თავშესაფრებში არ აჩვენებენ და არც ეუბნებიან, როდის და სად გადაიყვანენ მათ მიკედლებულ ძაღლებს.
ნუ აქრობთ მიუსაფარ ცხოველებს – 24 000+ მოქალაქის და 40-ზე მეტი ორგანიზაციის განცხადება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 ეკიპაჟებმა, “შესაბამისი პროცედურების შემდეგ” გარემოში დააბრუნეს. მათი ცნობით, თავშესაფარში დარჩენილი 29 ძაღლი, “საჭირო ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ, ეტაპობრივად დაუბრუნდება გარემოს”.
სეს-ი “არასწორ ინფორმაციას” უწოდებს ცხოველთა დამცველების ეჭვს, რომ ძაღლებს “აძინებენ”
აღსანიშნავია, რომ სეს-ის ეკიპაჟებმა ძაღლები ზუგდიდის თხილის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოსვეს. მიუსაფარი ცხოველები ზუგდიდში აქტივისტებმა დააბრუნეს. ცხოველთა დამცველი, ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან ამბობს, რომ 65 ძაღლიდან 28-ის წამოყვანა შეძლეს, დანარჩენი 37 მიუსაფარი ცხოველი კვლავ ქუთაისის თავშესაფარში რჩება.
“ზუგდიდში თხილის ქარხანასთან დატოვეს ძაღლები. დაახლოებით წაყვანილი ჰყავთ 65 ძაღლი, აქედან 28 ძაღლი ჩვენ დავაბრუნეთ და უკვე წავიყვანეთ ქალაქის ლოკაციებზე, სადაც ხალხს ჰყავს მიკედლებული, დანარჩენები ქუთაისის თავშესაფარში არიან. დანარჩენი ძაღლებიც უნდა წამოვიყვანოთ. მივალთ თავშესაფარში, მივიყვანთ მანქანებს, წამოვიყვანთ ძაღლებს და დავაბრუნებთ ქალაქში”, — ამბობს ლიკა აკობია NEWS.On.ge-სთან სატელეფონო საუბარში.
ცხოველთა ჯანმრთელობის სამმართველოს უფროსის მოადგილე თენგიზ ჩილიგავა ამბობს, რომ “მნიშვნელოვანი საჭიროებაა კომუნიკაციის გაზრდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან”. მისი მტკიცებით, ნებისმიერი გადაყვანილი ძაღლის შესახებ ინფორმაცია წინასწარ განთავსდება შესაბამის საკომუნიკაციო არხებზე, ძირითადად სოციალურ ქსელში და ყველა ადამიანს წინასწარ ეცოდინება, რომელ ლოკაციაზე მოხდება ცხოველების ნებაყოფლობითი ვაქცინაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია. მისივე მტკიცებით, “ვემიჯნებით, რომ ძაღლი თავისი ბუნებრივი არეალიდან იქნება გაყვანილი. საუბარი გვაქვს ლოკაციაზე, რომ კონკრეტულად არ იქნება ბაღში, არ იქნება ბაღის ეზოსთან, ჰოსპიტალთან, მაგრამ იქნება იმ არეალში მიმდებარედ.”