საქართველოს პროკურატურამ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
“გამოძიებით დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ შპს პრემიუმ ქარ საქართველო დაარეგისტრირა და ინტერნეტ-სივრცეში კომპანიის სახელით ავტომანქანების ჩამოყვანის თაობაზე ყალბი განცხადებები განათავსა. ბრალდებულმა ავტომანქანის შეძენით დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებები გააფორმა და ამ გზით, 17 მოქალაქის კუთვნილი, ჯამში 416 451.79 ლარი მიიღო, რის შემდეგაც მიიმალა” – აცხადებს პროკურატურა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება, 16 ეპიზოდი) წარედგინა.
“პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით – პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. ბრალდებულის მიმართ გამოცხადებულია ძებნა და ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით” – აცხადებს საგამოძიებო უწყება.