თბილისის საკრებულოსთან მოქალაქეებმა იპოდრომის ტყეში ცათამბჯენების მშენებლობა გააპროტესტეს. საპროტესტო აქციაზე შეკრებილებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები, აქტივისტები. ისინი აპროტესტებდნენ 14 ივნისს საკრებულოს მიერ მრავალსარულიანი კომპლექსის მშენებლობისთვის გეგმარებითი დავალების პროექტს მხარდაჭერას.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები წარწერით: “იპოდრომის ტყეში მშენებლობა დანაშაულია”, “სიმწვანეს ვერ დააბეტონებთ”, “იპოდრომი არის უბეტონო მხარე”.
“იპოდრომზე მშენებლობას, აი, ამ ინტენსიურად გამწვანებულ არეალში ვეწინააღმდეგები, იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი ადგილი თბილისში, სადაც ბუნებასთან მიახლოებული, თითქოს ნამდვილი, ხელშეუხებელი ტყეა. ერთადერთი ადგილი შემორჩა ქალაქში, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეკოლოგიის მხრივ, ადამიანების ჯანმრთელობის მხრივ… რეკრეაცია იზღუდება, მწვანე სივრცეს ვკარგავთ, უზარმაზარი მიზიდულობის ცენტრი შენდება, სადაც ძალიან ბევრი მანქანა მივა და მოვა”, – უთხრა რადიო თავისუფლებას აქტივისტმა მარიამ ბაქრაძემ.
პარტია “ახალის” წევრი, ანა გოგოლაძე ერთ-ერთი დეპუტატი იყო ოპოზიციიდან, რომელიც 14 ივნისს საკრებულოს იმ სხდომას ესწრებოდა, სადაც იპოდრომზე განაშენიანების გეგმარებითი დავალების პროექტი დაამტკიცეს. იგი იხსენებს, რომ ტერიტორია, სადაც მშენებლობა იგეგმება, ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში იყო და გასხვისდა:
“წლების განმავლობაში გვპირდებოდნენ, რომ იქ იქნებოდა ცენტრალური პარკი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა ამ ტერიტორიის ყველაზე გამწვანებული ნაწილი, სადაც არის 4100 ძირ ხეზე მეტი, გაასხვისა ფხაკაძეების ბიზნეს კლანზე და დღეს აუნთო საკრებულოს გუნდმა მწვანე შუქი ამ ტერიტორიის სამშენებლო პოლიგონად ქცევას”.
იპოდრომის ტყეში, მრავალფუნქციური და მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას „ცენტრალ პარკ ავენიუ“ გეგმავს. პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, იპოდრომის მოედნის გვერდით მდებარე ტყეში 7 შენობა აშენდება, მათგან ყველაზე დაბალი 21-სართულიანი, ყველაზე მაღალი კი 79-სართულიანი იქნება. იმ ტერიტორიის ფართობი 80 145 კვ.მ-ია.
იქვე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი 5500 ავტომობილზე. აქვე ნათქვამია, რომ ახალი საცხოვრებელი კომპლექსის მიზანია საფეხმავლო კულტურის განვითარება და “ავტომობილებზე ორიენტირებული დაგეგმარების თავიდან აცილება”.
იპოდრომის ტყის ტერიტორია შპს „ცენტრალ პარკ ავენიუმ” 2023 წლის 27 ოქტომბერს ფონდ “ქართუსგან” 85 მილიონ დოლარად იყიდა. ეს კომპანია 2023 წლის 22 სექტემბერს იპოდრომის ტერიტორიის ყიდვამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა. მისი დირექტორი, ვასილ ფხაკაძე, ბიზნესმენ ლევან ფხაკაძის შვილი და ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის, „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძის ძმისშვილია.
იპოდრომის ტყე სარეკრეაციო ზონაა. განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, იქ დაუშვებელია ყველანაირი მშენებლობა, გარდა განათების, სარწყავი სისტემის, სარეკლამო ბილბორდის, დეკორატიული გაფორმების ობიექტის მოწყობისა. კომპანია ფუნქციური ზონის ცვლილებასაც მოითხოვს, რაც განაშენიანების რეგულირების გეგმის განხილვის ფარგლებში გადაწყდება.
პროცედურის თანახმად, პროექტის საკრებულოში დამტკიცების შემდეგ, ინვესტორი მას მერიაში დააბრუნებს და მშენებლობის დასაწყებად ნებართვას მოითხოვს.