მოუწევს თუ არა საქართველოს ENKA-სთვის $450 მლნ-ის გადახდა – იუსტიციის სამინისტროს პასუხი (BMG)

იუსტიციის სამინისტრომ 5-თვიანი დაგვიანების შემდეგ, საერთაშორისო არბიტრაჟზე BMG-ის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებას წერილობით უპასუხა. სამინისტრო განმარტავს, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით წაგებულ დავაზე გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით სარჩელი შეტანილია სასამართლოში და ამჟამად შესაბამისი წარმოება მიმდინარეობს.
ENKA-სთან ნამახვანჰესზე საარბიტრაჟო დავის წაგების შესახებ ცნობილი 2024 წლის დეკემბერში გახდა. მაშინ თავად ENKA-ს განცხადების თანახმად, საქართველოს მიერ გადასახდელი კომპენსაციის მოცულობა 383 მილიონ დოლარს შეადგენდა. თუმცა, როგორც ირკვევა, განაჩენი მზარდია, რადგანაც მას საურავიც ერიცხება, რომლის გათვალისწინებითაც ამ დროისთვის გადასახდელი კომპენსაცია უკვე 450 მილიონ დოლარს აღემატება.
“სამინისტრო ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტთან დაკავშირებით წარმომადგენლობას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ კომპანია შპს „ენკა რინიუებლზსა“ და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ დავაზე, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მთავრობას (წარმოდგენილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ), სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, სს „ნამახვანს“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ (ამჟამინდელი დასახელება – შპს „ენკა რინიუებლზ“) შორის 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებული ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების თაობაზე დადებული ხელშეკრულებიდან. აღნიშნული დავის ფარგლებში მიღებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების მიზნით ქართულმა მხარემ მიმართა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის ქვეყნის კომპეტენტურ სასამართლოს და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები,”- ნათქვამია უწყების პასუხში.
საარბიტრაჟო დავა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო, მას შემდეგ, რაც სახელმწიფოსთან არსებული საინვესტიციო შეთანხმება ფორს-მაჟორის გამო შეწყდა. კომპანია აღნიშნული პერიოდისთვის ნამახვანჰესის $800 მილიონიანი ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად ემზადებოდა და წინასწარ სამუშაოებზე 100 მილიონამდე უკვე ჰქონდა ინვესტირებული.
კომპანიამ არბიტრაჟს მიმართა სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო პირობების უხეში დარღვევის გამო, რაც საინვესტიციო შეთანხმების უგულვებელყოფას უკავშირდებოდა. ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის 9 ივნისს განაცხადა, რომ ჰიდროელექტროსადგურის პროექტი არსებული სახით აღარ განხორციელდებოდა. თუმცა, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო არბიტრაჟის შეფასებით წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს მიერ გაფორმებულ საინვესტიციო ხელშეკრულებაში, რომლის დარღვევის შემთხვევაშიც ENKA-ს მთავრობის ქმედებების საარბიტრაჟო ტრიბუნალში გასაჩივრება შეეძლებოდა.
კომპანია Enka Renewables-ი თურქული საინჟინრო და ენერგეტიკული კომპანია ENKA-ს შვილობილია, კომპანია 433 მეგავატის სიმძლავრის ნამახვანჰესის ჰიდროელექტროსადგურის კასკადს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში აშენებდა, პროექტის ექსპლოატაციაში შესვლა 2025-2026 წლებში იგეგმებოდა.
BMG განაჩენთან დაკავშირებით კითხვით იუსტიციის სამინისტროს 10 თებერვალს მიმართა, რომელზეც პასუხი მხოლოდ დღეს, 15 ივლისს მივიღეთ.
bm.ge