უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდა, შეწყვიტონ ორმაგი დანიშნულების საქონლის რუსეთში შეტანა. ამის შესახებ მან ფრანგ კოლეგასთან ერთობლივი ბრიფინგისას ისაუბრა.
“საფრანგეთთან ამ საკითხში ყველაზე ნაკლებად გვაქვს პრეტენზია, მაგრამ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო დიდი შვიდეულისა და ევროკავშირის ქვეყნებს, ისმინეთ უკრაინისა, ბოლოსდაბოლოს და მიიღეთ გადამწყვეტი ზომები, რომ აღკვეთოთ ორმაგი დანიშნულების საქონლის შეტანა რუსეთში”, – აღნიშნა კულებამ და განმარტა, რომ რუსეთის ფედერაცია სარეცხ მანქანებს, მიკროტალღურ ღუმელებსა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების მოწყობილობებს იყენებს არა სარეცხისთვის ან საკვებისთვის, არამედ იყენებს მათ ნაწილებს რაკეტების მზადებისას, რითაც შემდეგ უკრაინელებს ხოცავს. სტეფან სეჟურნესთან ერთად გამართული ბრიფინგზე კულებას ამ მოწოდების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს European Pravda.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფან სეჟურნე, რაც ამ პოსტზე დაინიშნა, თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. დმიტრო კულებასთან ერთობლივი ბრიფინგის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ საფრანგეთი აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას.
“რუსეთს იმედი აქვს, რომ უკრაინა და მისი მხარდამჭერები რუსებზე ადრე დაიღლებიან. ჩვენ არ დავსუსტდებით”, – სააგენტო როიტერსის ცნობით, თქვა სტეფან სეჟურნემ კიევში.
ერთობლივ ბრიფინგს წინ უძღოდა ორმხრივი მოლაპარაკებები, რაც უკრაინისთვის თავდაცვაში დახმარებას, დრონების, რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას, თანამშრომლობას, უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებას, ასევე რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეხებოდა.
კულებამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად 13 იანვარს გამთენიისას რუსეთის მხრიდან განხორციელებული სარაკეტო შეტევებისა, ის უკრაინას თავისი პირველი ვიზიტით ეწვია. “ეს მოწმობს, რომ უკრაინას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საფრანგეთის პოლიტიკის პრიორიტეტებში”, – აღნიშნა კულებამ.
12 იანვარს 2024 წლის პირველი ვიზიტით, კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სტუმრობდა და პრეზიდენტ ზელენსკის პირადად აცნობა გადაწყვეტილება დახმარების ახალი პაკეტის 2.5 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის შესახებ.