2023 წლის 16 და 18 იანვარს ირანმა და პაკისტანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე გაუფრთხილებლად სარაკეტო იერიშები მიიტანეს. თავდასხმების მიზეზად ორივე მხარემ ბელუჯების სამხედრო სამიზნეების განადგურება დაასახელა. ბელუჯები პაკისტანის, ირანის და ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ჯგუფია, რომელთა გამათავისუფლებელი მოძრაობა ირანსა და პაკისტანში პერიოდულად მწვავედ აქტიურდება და გარკვეულწილად აყალიბებს რეგიონის გეოპოლიტიკურ დინამიკას. ირანი და პაკისტანი მსოფლიოს დიდი პოლიტიკური აქტორები არიან, თუმცა მათ გასულ კვირაში ბელუჯისტანის საკითხის მომიზეზებით ერთმანეთის სუვერენიტეტი უხეშად დაარღვიეს.
პაკისტანსა და ირანს 900-კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებთ, რომლის ორივე მხარეს ბელუჯებით დასახლებული რეგიონები – პაკისტანის ბელუჯისტანი და ირანის სისტანი-ბელუჯისტანი მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონები ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს მათ გაერთიანებულად ბელუჯისტანად მოიხსენიებენ და ბელუჯი სეპარატისტებიც მთლიანად ბელუჯისტანის გათავისუფლებისთვის იბრძვიან. აღსანიშნავია, რომ პაკისტანის ბელუჯისტანი ქვეყნის ტერიტორიის 44%-ს ფარავს, თუმცა აქ პაკისტანის მოსახლეობის მხოლოდ 6% ცხოვრობს. სახელი ბელუჯისტანი ბელუჯი ხალხის ეთნონიმიდან მომდინარეობს, რომელიც ამ ტერიტორიაზე საუკუნეების მანძილზე ცხოვრობდა და ერთ-ერთ ყველაზე მრავალრიცხოვან ეთნიკურ ჯგუფსაც წარმოადგენდა. ბელუჯისტანი ასევე ესაზღვრება თალიბანის მიერ კონტროლირებად ავღანეთს, სადაც ბელუჯების მცირე ნაწილი ცხოვრობს.
ბელუჯისტანი ბუნებრივი რესურსებით, ბუნებრივი აირით და მინერალებით უმდიდრესი რეგიონია, თუმცა, როგორც პაკისტანში, ისე ირანში, ბელუჯების მიწა ყველაზე ნაკლებად განვითარებულია. ბელუჯისტანის რესურსები ჩინეთისა და პაკისტანის ეკონომიკური დერეფნის (CPEC) პროექტის საყრდენია. პროექტი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინფინგის სარტყლისა და გზის ინიციატივის ნაწილია და ბელუჯისტანში მოიცავს ღრმაწყლოვან პორტს ქალაქ გვადარში, ბელუჯისტანის ტერიტორიაზე, რომელიც ჩინეთის “ახალი აბრეშუმის გზის” პროექტის ერთ-ერთ საკვანძო საკონტროლო პუნქტია. ჩინეთი პაკისტანთან თანამშრომლობის ფორმატში ასევე ჩართულია ბელუჯების ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებასა და გვადარის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობაში. ჩინეთისა და პაკისტანის ამ პროექტებს ბელუჯი ამბოხებულები განსაკუთრებით ეწინააღმდეგებიან. აღსანიშნავია, რომ ჩინეთის გარდა ბელუჯისტანში მოპოვებით მრეწველობაში კანადური კომპანია – Barrick Gold-იცაა ჩართული. ეს კომპანია 50%-იან წილს ფლობს ბელუჯების მიწაზე რეკო დიქის ოქროს მაღაროში, რომელიც მსოფლიოს ყველაზე დიდ აუთვისებელ სპილენძისა და ოქროს მაღაროდაა მიჩნეული.
ბელუჯები, როგორც ირანში, ისე პაკისტანში უკვე ათწლეულებია რაც დამოუკიდებლობას ან უფრო დიდ ავტონომიას ითხოვენ. ბელუჯების სეპარატისტული მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი სწორედ უცხოური კომპანიების მიერ ბელუჯების რესურსების ექსპლუატაციაა მაშინ, როდესაც რეგიონის განვითარება და ხალხის კეთილდღეობა სრულად უგულებელყოფილია.
16 იანვარს ირანიდან პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯების პოზიციებზე თავდასხმის შემდეგ ირანის წარმომადგენლებმა თქვეს, რომ იერიშის სამიზნე ბელუჯების გასამხედროებული ჯგუფის ჯაიშ ალ-ადლის სტრატეგიული პოზიციები იყო, საიდანაც ტერორისტულ აქტებს ირანში აწყობდნენ. აქამდე, დაახლოებით ერთი თვის წინ ირანმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ბელუჯების სუნიტურმა ტერორისტულმა ორგანიზაციამ, ჯაიშ ალ-ადლმა ირანის სისტანი-ბელუჯისტანის რეგიონში პოლიციის შენობაში მოაწყვეს ტერაქტი, რასაც 11 ირანელი პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თეირანმა ბელუჯების სამიზნეებზე თავდასხმა ისლამაბადის გაფრთხილების გარეშე გადაწყვიტა, რამაც დაძაბულობის ხარისხი მნიშვნელოვნად გაზარდა. ამას გარდა, აღნიშნულ თავდასხმამდე ერთი დღით ადრე ირანმა ბალისტიკური რაკეტები ერაყის და სირიის მიმართულებით ისროლა, რომლის მიზნადაც ისრაელის ჯაშუშების ბაზისა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სამიზნეების განადგურება დაასახელა, რაც ისრაელი-ჰამასის ომის პარალელურად ირანის საზღვრებს გარეთ გააქტიურების კიდევ ერთი გამოვლინებაა.
რაც შეეხება პაკისტანს, მათი მტკიცებით, 18 იანვრის იერიში ირანში ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიის (BLA) და ბელუჯისტანის გათავისუფლების ფრონტის (BLF) სამალავებზე მიიტანეს. პაკისტანის სარაკეტო თავდასხმები 1980-იანი წლების შემდეგ პირველი სახმელეთო იერიშია ირანის მიმართულებით.
ბელუჯების წინააღმდეგობა დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად 1948 წელს პაკისტანის ბრიტანეთის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე დაიწყო. ბელუჯების წინააღმდეგობის მოძრაობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2003 წლიდან, პაკისტანში გენერალ ფერვეზ მუშარაფის ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ. მუშარაფმა გაააქტიურა კონტრტერორისტული ოპერაციები ბელუჯისტანში და ერთ-ერთ ასეთ ოპერაციას ცნობილი ბელუჯი ლიდერი ნავაბ აკბარ ხან ბუგტი ემსხვერპლა. ამ პერიოდში პაკისტანის უსაფრთხოების ძალებმა ათასობით ბელუჯი გაიტაცეს, აწამეს და მოკლეს. ორგანიზაცია დაკარგული ბელუჯი ხალხის ხმის (VBMP) მიხედვით, 7 000-ზე მეტი ბელუჯი სადამსჯელო ოპერაციებისას გაქრა, თუმცა 2023 წლის ოქტომბერში პაკისტანის საგამოძიებო კომისიამ ადამიანების გაუჩინარების შესახებ მხოლოდ 454 აქტიური საქმე დააფიქსირა.
პაკისტანის მთავრობა ამტკიცებს, რომ ირანი ბელუჯისტანის გათავისუფლების არმიას და ბელუჯისტანის გათავისუფლების ფრონტს დამალვის და პაკისტანის წინააღმდეგ მოქმედების საშუალებას აძლევს, რასაც, ბუნებრივია ირანი უარყოფს. ასევე ისლამაბადის მტკიცებით, ბელუჯისტანის სეპარატისტულ მოძრაობებს ფინანსურ დახმარებას ინდოეთი აწვდის.
ირანს და პაკისტანს ერთმანეთთან ათწლეულების მანძილზე მეგობრული სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობა აკავშირებთ, თუმცა ბელუჯების არსებობა მათ მიწაზე ერთმანეთზე პოლიტიკური მანიპულაციის იარაღს წარმოადგენს. 1947 წელს ირანი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც პაკისტანი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ცნო. ასევე 1979 წლის ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ პაკისტანმა აღიარა ირანის ისლამური რესპუბლიკა, შესაბამისად ირანის და პაკისტანის ურთიერთიბაში არც ისლამურ რევოლუციამდე და არც მის შემდეგ სერიოზული დაძაბულობა არ ყოფილა. ათწლეულების მანძილზე ირანი და პაკისტანი მრავალ ძირითად საკითხში მოკავშირეები რჩებოდნენ, თუმცა ეჭვი მათი ურთიერთობის ასევე თანმდევი განწყობა იყო. ბელუჯების არსებობა ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ამ სახელმწიფოებს ერთმანეთზე ირიბად გავლენის მოხდენის შესაძლებლობას აძლევს. ამის მიუხედავად, აქამდე ირანი და პაკისტანი პირდაპირ და აშკარა დაპირისპირებას თავს არიდებდნენ. Pew Research Center-ის მიხედვით, პაკისტანი იმ იშვიათი ქვეყნების ნუსხაშია, სადაც ირანის გავლენები დადებითად აღიქმება. ასევე, ირანი პაკისტანის აქტიური მხარდამჭერი იყო ინდო-პაკისტანის 1965 და 1971 წლების ომებში.
ირანის თავდასხმები პაკისტანისა და ერაყის ტერიტორიაზე ასევე შეიძლება აიხსნას ძალის დემონსტრირებით იმ ქვეყნებში, რომლებიც ცდილობენ ერთდროულად ირანთან და დასავლეთთან, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტაბილური ურთიერთობის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანმა ირანის საჰაერო იერიშების შესახებ უკმაყოფილება გამოხატა და ფორმალური საჩივარი გაეროში შეავსო, პაკისტანის და ირანის სამხედრო ძალებმა ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძეს სამხედრო წვრთნები ჰორმუზის სრუტეში. ერთი დღის შემდეგ კი პაკისტანმა უპრეცედენტო თავდასხმა განახორციელა ირანის ტერიტორიაზე.
ამას გარდა, მნიშვნელოვანია, რომ ირანმა პაკისტანის ტერიტორიაზე თავდასხმამდე სირიისა და ერაყის მიმართულებით სამი სხვადასხვა რეგიონიდან 24 რაკეტა ისროლეს, მათ შორის პირველად გამოიყენეს რაკეტა ხეიბარ შეკანი (ციხე-სიმაგრის გამანადგურებელი), რომელიც 1 450 კილომეტრის რადიუსზე მოქმედებს. მიჩნეულია, რომ ირანმა ეს რაკეტა ისრაელზე თავდასასხმელად შექმნა და სავარაუდოა, რომ ამ გზავნილების ადრესატი უშუალოდ პაკისტანის, სირიის და ერაყის მიღმა აშშ და დასავლური ძალები იყვნენ.
Carnegie Endowment for International Peace-ის მკვლევარმა კარიმ სადჯადპურმა CNN-თან ირანი-პაკისტანის დაძაბულობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ირანი ცდილობს ისრაელი-ჰამასის კონფლიქტით შექმნილი მდგომარეობით ისარგებლოს და მაქსიმალურად გააქტიურდეს მის საზღვრებს გარეთ. სადჯადპურის მიხედვით, ირანი ცდილობს არა მხოლოდ შეინარჩუნოს დომინანტური პოზიციები რეგიონში, არამედ გააფართოოს თავისი მოქმედების არეალი.
“თუ არ შეაჩერებთ ირანს და მის მარიონეტულ ძალებს, შემდგომში მსგავსი ქმედებებისას მათ არანაირი საფასურის გადახდა არ მოუწევთ” – თქვა კარიმ სადჯადპურმა.