პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, გიორგი გახარიასთვის ბრალის წაყენება მოულოდნელი არ ყოფილა.
ანა ბუჩუკურის თქმით, ეს ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტაა.
„მოულოდნელი ნამდვილი არ იყო, იმიტომ, რომ გახარიას მიმართ განსაკუთრებული ვენდეტა, მათ შორის, პირადი და პოლიტიკური ვენდეტა რომ ამოძრავებს ბიძინა ივანიშვილს, ეს თავად დააანონსა საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და ამის შემდეგ კასკადი, რაც მოხდა და რაც მოაწყვეს გიორგი გახარიას წინააღმდეგ, ამ ყველაფერს ადასტურებდა. ამიტო, სიურპრიზი ნამდვილად არ არის, ამ დევნის დაწყებას ველოდით.
მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე მიდიოდა ეს განხილვები, ამის პარალელურად დაიწყო პროკურატურამ ძიება, ასე ვთქვათ, ქართული მიწის დაცვას რომ ედავებიან გახარიას. ამიტომ მოულოდნელი ნამდვილად არ არის და სამართალთან ამას არანაირი კავშირი აქვს. ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის პერსონალური პოლიტიკური ვენდეტა, იმ დაანონსებული ვენდეტის აღსრულება, რომელიც მან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „იმედის“ ეთერში დააანონსა. მან თქვა, რომ განსაკუთრებით ვერ ვიტან გახარიას და გახარიას გუნდს და საქმე მაქვს მის წინააღმდეგ გამზადებულიო.
ორ ეპიზოდს „ედავებიან“ გიორგი გახარიას 20 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდს. 20 ივნისს, რომელიც არის სრულად პოლიტიკური მუქარის გაგრძელება, პოლიტიკურად რომ შევხედოთ, კანონი რომ გადავდოთ გვერდით, 20 ივნისის შემდეგ გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრად დანიშნა თავად ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ორჯერ. მეორე, ჩორჩანის ეპიზოდი არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არ არის მხოლოდ გიორგი გახარიას საკითხი და „პრობლემა“. […] ივანიშვილის მთავარი მიზანია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან გააქროს და გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან არ გაქრება”, – განაცხადა ანა ბუჩუკურმა TV პირველთან.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 20 ივნისის და ჩორჩანის საქმეებზე.
ამის შესახებ გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ დღეს, 12 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გახარიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება.
ავტორი: ნინა სიგუა




