„მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა – PISA 2022”-ის ანგარიში – საქართველოში 2018 წელთან შედარებით, შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმით გამოხატულება

საქართველოში 2018 წელთან შედარებით, 2022 წელს შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმებით გამოხატულება,- ამის შესახებ აღნიშნულია მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2022-ის პირველადი ანგარიშში, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.
ამასთან, ანგარიშის თანახმადვე, მოსწავლეების ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანასა და ეკონომიკაში გაუარესდა.
„საქართველოს მოსწავლეების სკოლისადმი მიკუთვნებულობის განცდა გაუმჯობესდა. 2022 წელს 15 წლის მოსწავლეების 79%-მა განაცხადა, რომ ისინი ადვილად იძენდნენ მეგობრებს სკოლაში (OECD-ის საშუალო: 76%) და 51%-ში აღინიშნა სკოლისადმი მიკუთვნებულობის მაღალი განცდა (OECD-ის საშუალო: 75%). ამავდროულად, 14%-მა განაცხადა, რომ სკოლაში თავს მარტოსულად, ხოლო 13% თავს უცხოდ ან გარიყულად გრძნობდა (OECD-ის საშუალო: 17% და 16%).
მოსწავლეების ცხოვრებით კმაყოფილების განცდა, ზოგადად, ბოლო წლების განმავლობაში ბევრ ქვეყანასა და ეკონომიკაში გაუარესდა. 2022 წელს, ისევე როგორც 2018-ში, საქართველოში 15 წლის მოსწავლეების 13%-მა განაცხადა, რომ უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით. მათ თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილება 10 ბალიან სკალაზე შეაფასეს 0-დან 4-მდე ქულით. საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში, იმ მოსწავლეთა წილი, ვინც ცხოვრებით კმაყოფილი არ არის 2015 წლის 11%-დან გაიზარდა 16%-მდე (2018 წელი) და 2022 წელს 18% შეადგინა.
საქართველო PISA 2022-ში მონაწილე იმ ქვეყნებს მიეკუთვნება, სადაც საგანმანათლებლო რესურსების შესახებ დირექტორების უკმაყოფილება სტატისტიკურად მნიშვნელოვნადაა შემცირებული. PISA 2022-ში საქართველო მოხვდა იმ ქვეყნების/ეკონომიკების ჩამონათვალში, სადაც დირექტორების აზრით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა სკოლების ფიზიკური ინფრასტრუქტურის ხარისხში.
საქართველოში 2018 წელთან შედარებით, 2022 წელს შემცირდა ბულინგის სხვადასხვა ფორმებით გამოხატულება. საქართველოს 15 წლის გოგონების 13%-მა და ბიჭების 15%-მა განაცხადა, რომ თვეში რამდენჯერმე მაინც გამხდარა ბულინგის მსხვერპლი (OECD-ის საშუალო: გოგონების 20% და ბიჭების 21%). საშუალოდ OECD-ის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში 2022 წელს შედარებით ნაკლები მოსწავლე იყო ბულინგის სამიზნე, ვიდრე 2018-ში. სკოლების დირექტორის კითხვარებით შეგროვებული მონაცემები გვიჩვენებს, რომ კვლევის წინა ციკლთან შედარებით, PISA 2022-ში მონაწილე უმეტეს ქვეყნებსა და ეკონომიკებში სტატისტიკურად მნიშვნელოვნად შემცირდა მშობლების/მეურვეების პროცენტი, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სასკოლო აქტივობებსა და სასწავლო პროცესში. ამის საპირისპიროდ, საქართველოში სიტუაცია განსხვავებულია, 2022 წელს საქართველოს 15 წლის მოსწავლეების 58% სწავლობდა ისეთ სკოლებში, რომელთა დირექტორმა განაცხადა, რომ წინა სასწავლო წლის განმავლობაში მოსწავლეების ოჯახების ნახევარმა მაინც განიხილა თავისი შვილის პროგრესი მასწავლებელთან საკუთარი ინიციატივით, ხოლო მასწავლებლის ინიციატივით 59%-მა, რაც 11%-იანი ზრდაა 2018 წელთან შედარებით. საქართველოში 15 წლის ასაკის მოსწავლეების 47%-ს ყოველდღიური სასკოლო მხარდაჭერა ჰქონდა ონლაინ ვირტუალური კლასების მეშვეობით. ასევე, 15 წლის მოსწავლეთა 29%-ს სკოლის წარმომადგენელი ყოველდღიურად ეკითხებოდა თუ როგორ გრძნობდა თავს (OECD-ის საშუალო: 51% და 13%);
შედარებითი მონაცემების მქონე ქვეყნების/ეკონომიკების თითქმის ნახევარში, 2022 წელს სკოლის დირექტორები 2018 წლის კოლეგებთან შედარებით უფრო ხშირად აღნიშნავდნენ მასწავლებლების დეფიციტის პრობლემას. განსხვავებული მდგომარეობა გამოვლინდა საქართველოში, სადაც 2022 წელს მოსწავლეთა მხოლოდ 7% სწავლობდა ისეთ სკოლებში, რომელთა დირექტორებმა განაცხადეს, რომ სკოლა მოკლებულია სწავლების შესაძლებლობებს პედაგოგთა სიმწირის გამო (და 12%, შეუსაბამო ან არა კვალიფიცირებული პედაგოგიური პერსონალის გამო). 2018 წელს შესაბამისი პროპორციები იყო 5% და 20%.
საქართველოს 15 წლის ასაკის მოსწავლეთა 86% დადიოდა ისეთ სკოლაში, სადაც მასწავლებლების დაქირავებაზე დირექტორებს ეკისრებოდათ მთავარი პასუხისმგებლობა (OECD-ის საშუალო: 60%); 81% ირიცხებოდა ისეთ სკოლაში, სადაც მასწავლებლებს ეკისრებოდათ ძირითადი პასუხისმგებლობა სასწავლო მასალის შერჩევაზე (OECD-ის საშუალო: 76%)“,- ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით