„არ არის ცუდი ტენდენცია, თუ ყველა არ დაამთავრებს სკოლას,“ – ასე აფასებს აკადემიკოსი ზურაბ ვახანია „ბიზნესპრესნიუსთან“ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას, რომლის თანახმადაც 2025 წელს სწავლა 9 ათასზე მეტმა მოსწავლემ მიატოვა.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024-2025 სასწავლო წლებში საქართველოს კერძო და საჯარო სკოლებში სტატუსი 9 024 მოსწავლეს შეუჩერდა ან შეუწყდა, ეს კი თითქმის 20%-ით ნაკლებია წინა სასწავლო წელთან შედარებით. 2023-2024 სასწავლო წელს სკოლაში სწავლა 11 264-მა მოსწავლემ მიატოვა.
„ეს არ არის ცუდი პროცესი, ყველას არ სჭირდება 12-კლასიანი, არც 11-კლასიანი და არც 10-კლასიანი განათლება, მითუმეტეს იმ საშინელი პროგრამებით, რასაც ასწავლიან. თითქმის არავის არ სჭირდება ეს და ბუნებრივია, ბევრს გული აქვს აცრუებული და არ სწავლობს. წინათ მიიჩნევდნენ, რომ სკოლის დამთავრება და ატესტატის ქონა აუცილებელი და გარდაუვალი იყო, ახლა ნელ-ნელა უკვე მიხვდნენ, რომ არ არის საჭირო მაინცდამაინც 12-კლასიანი განათლება თუ ახალგაზრდა არ აპირებს უმაღლესში ჩაბარებას.
თუ ხალხი მიხვდა, რომ ხელობას თუ ისწავლიან, უფრო წარმატებულები იქნებიან და შემოსავალიც ექნებათ, ეს ძალიან კარგია, რადგან ბევრი ისეთი აბარებს უმაღლესში, რომ არ აქვს სტუდენტობის არანაირი მონაცემი. ასეთი ადამიანი სულ ხელმოცარული რჩება ცხოვრებაში. მარტო შემოსავლის ამბავი არ არის აქ,“ – განაცხადა ზურაბ ვახანიამ.
მისივე თქმით, მოსწავლეთა ნახევარს არ აქვს ის მონაცემები, რომ პროფესიონალად ჩამოყალიბდეს.
„მოსწავლეთა ნახევარი ისეთია, რეპეტიტორებთან რომც იარონ, მაინც ვერ ისწავლიან უმაღლეს სასწავლებელში ისე, რომ გახდნენ მართლა პროფესიონალები. ამ თემის თვალსაჩინო მაგალითია მუსიკა – შეუძლია ყველას კონსერვატორიაში ისწავლოს და დაამთავროს?! ცალკე ოჯახი ნადგურდება ამ გადასახადებით და ამიტომ საჭიროა, ხელობა ისწავლოს ზოგმა, მითუმეტეს, რომ სპეციალისტებიც არ გვყავს. ამიტომ არ არის ეს ცუდი ტენდენცია, თუ ყველა არ დაამთავრებს სკოლას. თუ ვინმე იტყვის, რომ ბავშვი სწავლის მიტოვების შემთხვევაში ს გზას შეიძლება ასცდეს, არც სკოლა გვიცავს იმისგან, რომ ბავშვი სწორ გზას შეიძლება არ ადგეს, რადგან მოგეხსენებათ, დამამთავრებელ კლასებში ისინი საერთოდ არ ესწრებიან გაკვეთილებს. ასეთი ბავშვი მოსწავლედ ითვლება, მაგრამ ათასში ერთხელ მიდის სკოლაში და საგაკვეთილო პროცესს ხელს უშლის. მაქსიმუმ 20%-ია უფროს კლასებში ისეთი, რომელიც სწავლობს, სხვებს ტყუილად ჰქვიათ სკოლის მოსწავლეები,“ – აღნიშნა აკადემიკოსმა.




