ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში არსებული წარმონაქმნის, რესპუბლიკა სპრსკას მეთაური, კონსტიტუციური წყობის ხელყოფაში ბრალდებული მილორად დოდიკი მოსკოვშია.
ეს ირკვევა დოდიკის მიერ სოციალურ ქსელ X-ში 31 მარტს, ღამით გამოქვეყნებული ვიდეოდან, რომელიც მოსკოვის კრემლთანაა გადაღებული.
დოდიკი ამბობს, რომ მოსკოვში ყველა ვიზიტს იწყებს მისვლით უცნობი ჯარისკაცის საფლავთან, რათა პატივი მიაგოს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 28 მილიონ რუსს. ბოსნიელი სერბების ლიდერის თანახმად, 9 მაისს ისევ ჩავა მოსკოვში, სადაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიიწვია ფაშიზმზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე.
მოსკოვში ამჟამინდელი ვიზიტისას დაგეგმილ შეხვედრებზე დოდიკს არაფერი უთქვამს.
მილორად დოდიკს, რომელიც რესპუბლიკა სპრსკას დამოუკიდებლობას მოითხოვს, ბრალს სდებენ ბოსნია და ჰერცეგოვინის კონსტიტუციური წყობის ხელყოფაში.
დოდიკის სისხლისსამართლებრივი დევნა მას შემდეგ დაიწყო, რაც 2023 წელს ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, რესპუბლიკა სპრსკა არ შეასრულებს ბოსნია და ჰერცეგოვინის საკონსტიტუციო სასამართლოს და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ გარე მმართველად დანიშნული უმაღლესი წარმომადგენლის, კრისტიან შმიდტის გადაწყვეტილებებს.
2025 წლის თებერვალში სარაევოს სასამართლომ დოდიკს დაუსწრებლად მიუსაჯა ერთი წლით პატიმრობა და ექვსი წლის განმავლობაში პოლიტიკური საქმიანობა აუკრძალა.
27 მარტს სააგენტო Reuters-მა გაავრცელა ცნობა, რომ ინტერპოლის წარმომადგენლობამ ბოსნია და ჰერცეგოვინის დედაქალაქ სარაევოში გასცა მილორად დოდიკის დაპატიმრების ორდერი. თავად დოდიკი მეზობელი სერბეთის საზღვრის გავლით ისრაელში გაემგზავრა. ის იერუსალიმში იყო მიწვეული ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე.
ფორუმი
