19 იანვარს 15 წელი შესრულდა მას მერე, რაც მოსკოვში მოკლეს ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ჟურნალისტი ანასტასია ბაბუროვა.
2020 წელს, მოსკოვში საჯარო აქციების ფაქტობრივ აკრძალვამდე ამ დღეს ქალაქში მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობები იმართებოდა – წელს მხოლოდ ყვავილები მიიტანეს მათი მკვლელობის ადგილას, სხვა საჯარო ღონისძიებები არ გამართულა. მოკლულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა სანკტ-პეტერბურგში – აქციაში 40-მდე მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. მედიასაშუალება “ბუმაგა” იუწყება, რომ მოხალისეები გაერთიანებიდან “საკვები ბომბების ნაცვლად” აქციასთან ახლოს უსახლკაროებს ურიგებდნენ საჭმელს.
იაროსლავლში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პლაკატი დაკიდეს მოსკოვის პროსპექტზე, ჩელიაბინსკში მარკელოვის და ბაბუროვას ფოტოები და ყვავილები მიიტანეს კომკავშირელთათვის მიძღვნილ ძეგლთან. სპონტანური მემორიალი გაჩნდა ბარნაულში, მოკლულთა პორტრეტები საჯაროდ გამოფინეს ომსკშიც – იუწყება რადიო თავისუფლების რუსული სამსახური.
ამავე წყაროს ცნობით, პარიზში დაგეგმილია კინოჩვენება და საჯარო აქცია, ბერლინში გაიმართა ანტიფაშისტური მსვლელობა, ბელგრადსა და ვარშავაში გამოცხადებულია ხსოვნის საღამოები.
ადვოკატი სტანისლავ მარკელოვი და ოპოზიციური გამოცემა “ნოვაია გაზეტას” ჟურნალისტი, ანასტასია ბაბუროვა მოსკოვის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს 2009 წელის 19 იანვარს. მარკელოვი იყო რამდენიმე გახმაურებული საქმის ადვოკატი, მათ შორის იყო პოლკოვნიკ იური ბუდანოვის მიერ მოკლული ჩეჩენი ქალის, ელზა კუნგაევას ოჯახის საქმეც. გამომძიებლები მკვლელობას ადვოკატის პროფესიულ საქმეს უკავშირებენ. მკვლელობათა საქმესთან კავშირით დააპატიმრეს ნაციონალისტი ნიკიტა ტიხონოვი და მისი სამოქალაქო მეუღლე, ევგენია ხასისი. 2011 წელს ტიხონოვს უვადო პატიმრობა მიესაჯა, ხასისს – 18 წლით პატიმრობა, რომელიც შემდეგ 17 წლამდე შეამცირეს.